ევროპამ უნდა გაზარდოს უკრაინის დახმარება, რათა ხარვეზი შეავსოს - ცაჰკნა აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ

04.03.25 13:54
ევროპამ უნდა გაზარდოს უკრაინის დახმარება, რათა ხარვეზი შეავსოს - ცაჰკნა აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ

შეერთებული შტატების გადაწყვეტილება უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერებაზე ნიშნავს, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს და დააჩქაროს უკრაინის დახმარება, რათა ხარვეზი შეავსოს - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

"ევროპამ უნდა გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა უკრაინამ გააგრძელოს ბრძოლა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის," - განაცხადა ცაჰკნამ. 

მაღალჩინოსანი ესტონეთის გადაწყვეტილებას ახსენებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანამ  უკრაინაში 10 000 ჭურვი უნდა გააგზავნოს.  ცნობილია ისიც, რომ ესტონეთი 2025 წელს დახმარების ხარჯების 25 პროცენტით გაზრდის. 

საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთის გაყინული აქტივები, რომლებიც უკვე ძირითადად ევროპაში მდებარეობს უკრაინის დასახმარებლად უნდა გამოიყენონ. 

"პრეტენზია იმის შესახებ, რომ არ არსებობს რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების სამართლებრივი გზები, უსაფუძვლოა. გასულ კვირას მე გავუზიარე დოკუმენტის პროექტი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, სადაც ვთავაზობდი გაყინული აქტივების გამოყენების მკაფიო გადაწყვეტილებას. პოლიტიკური გადაწყვეტილება გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ, რუსეთზე დაწესებული სანქციების მომდევნო გახანგრძლივებამდე, ივნისამდე უნდა იქნას მიღებული. 

ომის ერთადერთმა დამნაშავემ უნდა იგრძნოს ზეწოლა და აგრესიის მსხვერპლს უნდა ჰქონდეს ძლიერი მხარდაჭერა, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ ვაიძულოთ რუსეთი დათმოს თავისი მიზნები და მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში," - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ. 

შეგახსენებთ, CNN-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარებას აპაუზებს. 

მსგავსი სიახლეები