რა ილაპარაკა ტრამპმა და რა ხდებოდა კონგრესში - პრეზიდენტს "დემოკრატები" საპროტესტო ბანერებით და მაისურებით დახვდნენ

"ამერიკა დაბრუნდა" - ამ სიტყვებით მიმართა კონგრესს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე ტრამპმა დიდი დრო მისი წინამორბედის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკას დაუთმო.
ტრამპი ამბობს, რომ მისმა ადმინისტრაციამ 43 დღეში იმაზე მეტის გაკეთება შეძლო, ვიდრე სხვა ადმინისტრაციების უმეტესობამ 4-8 წელში.
აღნიშნული კომენტარი დარბაზშივე გააკრიტიკეს დემოკრატმა კონგრესმენებმა. "ტყუილია"- სკანდირებდნენ ისინი:
- დემოკრატი კონგრესმენების ნაწილს ხელში ეჭირა ფურცელი წარწერით: "False". რამდენიმე მათგანს ეცვა მაისური წარწერით - "Resist" (გაუწიე წინააღმდეგობა).
- „ეს ნორმალური არაა“, „ეს ტყუილია“, „მასკი იპარავს“ და სხვა - ეწერა საპროტესტო ბანერებზე.
მეტიც, კონგრესმენმა ალ გრინმა თქვა ისიც, რომ ტრამპს არ აქვს მანდატი, შეამციროს სამედიცინო დახმარება. ამ შეძახილსაც დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ შემთხვევაში რესპუბლიკელ კონგრესმენები აქტიურობდნენ.
საბოლოოდ, დემოკრატ კონგრესმენს დარბაზი დაატოვებინეს.
ეს ხალხი, რომლებიც პირდაპირ აქ სხედან, არ დაუკრავენ ტაშს, არ წამოდგებიან და არ გაიხარებენ ამ ასტრონომიული მიღწევებისთვის, რაც არ უნდა იყოს. ხუთჯერ, ხუთჯერ ვიდექი აქ. ძალიან საწყენია და ასე არ უნდა იყოს." - მიმართა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს აშშ-ს პრეზიდენტმა.
ტრამპმა ყურადღება დაუთმო ტარიფების პოლიტიკას. მისი თქმით, მსოფლიოს ქვეყნები ბოროტად იყენებენ სავაჭრო ტარიფებს აშშ-ის წინააღმდეგ.
მისი თქმით, 2 აპრილიდან შეერთებული შტატები საპასუხო გადასახადებს დაუწესებს სხვა ქვეყნებს.
ტრამპმა ისაუბრა უცხოელი მიგრანტების მიერ ჩადენილ "ბოროტმოქმედებებს": „ჩვენ კანონი და წესრიგი უნდა დავუბრუნოთ ჩვენს ქალაქებსა და დაბებს“, დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი ტრამპი ამბობს იმასაც, რომ კონგრესს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც სამუდამოდ გამოაცხადებს კანონგარეშედ ბავშვებისთვის სქესის შეცვლას.