მედია: ტრამპი 240 000 უკრაინელისთვის ლეგალური სტატუსის გაუქმებას გეგმავს
Reuters-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, 240 000 უკრაინელს, რომლებმაც ქვეყანა რუსეთთან კონფლიქტის გამო დატოვეს, დროებითი ლეგალური სტატუსი გაუუქმოს.
გამოცემა წერს, რომ სამ წყაროს ეყრდნობა - ეს ნაბიჯი კი მათი შეფასებით, პოტენციურად დააჩქარებს უკრაინელების აშშ-დან დეპორტაციას.
Reuters-ი წერს, რომ აღნიშნული ზომა, რომლის განხორციელებაც აპრილშია მოსალოდნელი, განსაცვიფრებელი შებრუნება იქნება იმ სტუმართმოყვარეობისგან, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინელების მიმართ გამოიჩინა.
გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ უკრაინელების დაცვაზე უარის თქმა ჯერ კიდევ მანამდე იგეგმებოდა, სანამ ტრამპი თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საჯაროდ დაუპირისპირდებოდა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ეს გეგმა არის ტრამპის ადმინისტრაციის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, ლეგალური სტატუსი გაუუქმოს 1.8 მილიონზე მეტ მიგრანტს, რომლებსაც შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაწყებული დროებითი ბინადრობის ნებართვის ჰუმანიტარული პროგრამების ფარგლებში მიეცათ.
Reuters-ი წერს, რომ მიგრანტებს, რომლებსაც დროებითი ბინადრობის ნებართვის სტატუსი ჩამოერთმევათ, შესაძლოა დაჩქარებული დეპორტაციის პროცედურები დაემუქროთ.
გამოცემის ინფორმაციით, 240 000 უკრაინელის და 530 000 კუბელის, ჰაიტიელის, ნიკარაგუელისა და ვენესუელელის გარდა, ბაიდენის ჰუმანიტარული პროგრამები მოიცავს 70 000-ზე მეტ ავღანელს, რომლებმაც თავიანთი ქვეყანა „თალიბების“ მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ დატოვეს.