Bloomberg: პუტინი უკრაინასთან დროებით ზავს განიხილავს
რუსეთი უკრაინაში დროებითი ზავის განხილვისთვის მზად არის, თუ საბოლოო შეთანხმებაზე პროგრესი იქნება - ამის შესახებ გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროების თქმით, ეს გზავნილი რუსულმა მხარემ ამერიკულ მხარეს თებერვალში საუდის არაბეთში რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე გადასცა.
Bloomberg ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობის გამოცხადებისთვის რუსეთს სურს, რომ საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების ჩარჩოს პრინციპები გარკვეული იყოს. გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, რუსეთს სამშვიდობო მისიის პირობების განსაზღვრა სურს, მათ შორის, შეთანხმება იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას.