მედია: რუსეთმა აშშ-ს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მოთხოვნები წარუდგინა

13.03.25 10:14
მედია: რუსეთმა აშშ-ს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მოთხოვნები წარუდგინა

Reuters-ის ცნობით, რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების და ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის შესახებ მოთხოვნების სია წარუდგინა. 

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლმა ვრცელი პირობები წარადგინა, რომელიც უკრაინის, აშშ-სა და ნატო-ს მიმართ მოსკოვის მიერ ადრე წარდგენილი მოთხოვნების მსგავსია.

Reuters-ი წერს, რომ ადრინდელი პირობები მოიცავდა მოთხოვნას, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს, შეთანხმებას უკრაინაში უცხოური ჯარების არ განლაგების შესახებ და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრეტენზიის - რომ ყირიმი და უკრაინის ოთხი რეგიონი რუსეთის კუთვნილებაა - საერთაშორისო აღიარებას.

ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი ელოდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, დათანხმდება თუ არა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რისთვისაც უკრაინულმა მხარემ მზადყოფნა გამოხატა.

ამასთან, Reuters-ი იხსენებს, რომ აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირები ბოლო კვირებში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების პროექტი, რომელიც ვაშინგტონმა, კიევმა და მოსკოვმა 2022 წელს სტამბოლში განიხილეს, შეიძლება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ამოსავალი წერტილი გახდეს.

3 წლის წინ გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთმა მოსთხოვა უკრაინას, უარი ეთქვა ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზე და ბირთვული იარაღისგან სამუდამოდ თავისუფალი ქვეყნის სტატუსს დასთანხმებოდა. მოსკოვმა ასევე მოითხოვა ვეტოს დადება იმ ქვეყნების ქმედებებზე, რომლებსაც, ომის შემთხვევაში, უკრაინის დახმარება სურთ.

 

მსგავსი სიახლეები