როგორ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში - რუბიო გეგმა "ა" და გეგმა "ბ"-ზე საუბრობს
უკრაინაში ომის დასრულებაზე არსებითი მოლაპარაკებები ვერ დაიწყება მანამ, სანამ ფრონტზე აქტიური საომარი მოქმედებები არ შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის აშშ-ის სტრატეგია ორ ძირითად ეტაპს მოიცავს, რომელსაც რუბიო „გეგმა A“ და „გეგმა B-ს“ უწოდებს. პირველი საომარი მოქმედების შეწყვეტაა და მეორე - მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. რუბიოს შეფასებით, ეს რთული პროცესია, მაგრამ ტრამპი ამ მიმართულებით აქტიურადდ იმუშავებს.
ძნელია ომის სამუდამოდ დასრულებაზე მოლაპარაკება, როცა ისინი ერთმანეთს ესვრიან, ამიტომ პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტა სურს. სწორედ ამაზე ვმუშაობთ. ეს, თავისთავად, ადვილი არ იქნება. ჩვენ გადავდივართ მეორე ფაზაზე, რომელიც რაღაც უფრო ხანგრძლივს და მუდმივს შეეხება. რთული იქნება. ამას ბევრი შრომა და ორივე მხარის დათმობა დასჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს, - განაცხადა მან.