BBC: ღაზაში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 220-მდე გაიზარდა

18.03.25 10:20
BBC: ღაზაში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 220-მდე გაიზარდა

ღაზას სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს სულ მცირე 220 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას bbc-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულებს შორის ბევრი ბავშვია.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ისრაელმა ღაზას სექტორში ავიაიერიშები დღეს დილით დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ ტერორისტულ ობიექტებს ურტყამენ.

ეს ღაზაში ავიაიერიშების ყველაზე დიდი ტალღაა მას შემდეგ, რაც 19 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა.

  • ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში „ჰამასის“ კუთვნილ ტერორისტულ სამიზნეებზე "ფართო საჰაერო დარტყმებს" ახორციელებენ.

გაერო-ში ისრაელის ელჩი, დენი დენონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს:

„დროა მსოფლიოს ქვეყნებმა სერიოზულად მიიღონ ჩვენი ურყევი ვალდებულება, დავაბრუნოთ ყველა ჩვენი მძევალი სახლში და დავამარცხოთ მტერი. ვერაფერი შეგვაჩერებს, ვიბრძოლოთ ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად, რომლებიც 527 დღეა სასტიკ ტყვეობაში იმყოფებიან. არ გამოვავლენთ მოწყალებას ჩვენი მტრების მიმართ, სანამ ჩვენი მძევლები “ჰამასის” ტერორისტულ გვირაბებში იტანჯებიან“, - აცხადებს ელჩი.