ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ “მშვიდობისკენ მოძრაობა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით“
თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შინაარსზე განცხადებას ავრცელებს.
თეთრი სახლის განცხადება ამერიკული ტელეარხი CNN-ი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ომი უკრაინაში “ხანგრძლივი მშვიდობით უნდა დასრულდეს”.
ასევე ორი ლიდერი შეთანხმდნენ “ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე” ცეცხლის შეწყვეტაზე დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები.
დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრეს მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე უკრაინის ომში. ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს მყარი მშვიდობით. მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის აუცილებელია ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება.
უკეთესია, სისხლი და სახსრები, რასაც გაიღებენ უკრაინა და რუსეთი ამ ომში, დაიხარჯოს ორი ხალხის საჭიროებებზე... ეს კონფლიქტი არასოდეს უნდა დაწყებულიყო და დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო გულწრფელი და კეთილსინდისიერი სამშვიდობო ძალისხმევით“, -წერია განცხადებაში.
თეთრი სახლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამშვიდობო ძალისხმევა დაიწყოს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტით. „ასევე გაიმართება ტექნიკური მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე შავ ზღვაში, სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე და სრულ მშვიდობაზე“.
განცხადების თანახმად, ეს მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება.