პუტინის ახალი განკარგულება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს ქვეყნის დატოვებას ან “სტატუსის დარეგულირებას" ავალდებულებს

21.03.25 00:20
პუტინის ახალი განკარგულება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს ქვეყნის დატოვებას ან “სტატუსის დარეგულირებას" ავალდებულებს

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისგან მოითხოვს, 2025 წლის 10 სექტემბრამდე ან ნებაყოფლობით დატოვონ ეს ტერიტორიები, ან „დაარეგულირონ თავიანთი სამართლებრივი სტატუსი”.

წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დეპორტაცია ელოდებათ.

"უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებიან ქვეყანაში და რომლებსაც არ აქვთ რუსეთში ცხოვრების/დარჩენის კანონიერი საფუძველი, უნდა დატოვონ ქვეყანა დამოუკიდებლად ან მოაგვარონ თავიანთი სამართლებრივი სტატუსი მიმდინარე წლის 10 სექტემბრის ჩათვლით". - ნათქვამია პუტინის ბრძანებაში.

ბრძანება ეხება რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც.

პუტინის ბრძანებით, მათ უნდა გაიარონ სამედიცინო გამოკვლევა და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები მიმდინარე წლის 10 ივნისამდე. სამედიცინო შემოწმება გულისხმობს ტესტირებას აივ ინფექციასა და ნარკოტიკების მოხმარებაზე.