"ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ" - სახდეპის სპიკერი

25.03.25 10:30
"ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ" - სახდეპის სპიკერი

არასდროს ვყოფილვართ ცეცხლის სრულ შეწყვეტასთან უფრო ახლოს, ვიდრე ახლა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც გამოიწვევს უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულებას, არის მოლაპარაკებები, რომლებიც ახლა საუდის არაბეთში მიმდინარეობს შეერთებული შტატების მონაწილეობით.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერ-რიადში განიხილება მორატორიუმი შავ ზღვაში თავდასხმებზე.

ვერაფერს ვიტყვი იმაზე, თუ რა იქნება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ჩვენ ახლოს ვართ ცეცხლის შეწყვეტასთან. ეს არის ის, რაც მომხიბლავია. არასდროს ვყოფილვართ ცეცხლის სრულ შეწყვეტასთან უფრო ახლოს, ვიდრე ახლა. მხოლოდ მხარეებს შორის ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ შეიძლება მხარეებს შორის არსებული უთანხმოებების განხილვა და რა იქნება იმის შემდეგ, როდესაც საქმე ეხება მუდმივ მშვიდობას . მიზანია მშვიდობიანი სავაჭრო საქმიანობის სრულად აღდგენა. შავი ზღვა, რა თქმა უნდა, ამაში მთავარია", - განაცხადა სახდეპის სპიკერმა.

თორმეტ საათს გაგრძელდა აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე. შეხვედრა 24 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სასტუმრო Ritz Carlton-ში გაიმართა.

სააგენტო Reuters-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა უთხრა, რომ პროგრესი მიღწეულია და უახლოეს ხანში მოსალოდნელია დადებითი განცხადება. სააგენტოს რუსული წყაროს თანახმად, ერთობლივი განცხადების პროექტი დასამტკიცებლად მოსკოვსა და ვაშინგტონში გაიგზავნა და სამშაბათს, 25 მარტს, უნდა გამოქვეყნდეს.