ზელენსკი: რუსეთი რჩება ერთადერთ აქტორად, რომელიც ამ ომს აჭიანურებს და მასხრად იგდებს გლობალურ საზოგადოებას

რუსეთი რჩება ერთადერთ აქტორად, რომელიც აჭიანურებს ამ ომს და მასხრად იგდებს, როგორც ჩვენს ხალხს, ასევე გლობალურ საზოგადოებას - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, "იმისთვის, რომ რუსეთს მშვიდობისკენ ვუბიძგოთ" საჭიროა ზეწოლა და სანქციები.
მისი თქმით, საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინისა და ამერიკის გუნდებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
რუსეთი რჩება ერთადერთ აქტორად, რომელიც აჭიანურებს ამ ომს და მასხრად იგდებს, როგორც ჩვენს ხალხს, ასევე გლობალურ საზოგადოებას. იმისთვის, რომ რუსეთს მშვიდობისკენ ვუბიძგოთ, გვჭირდება ძლიერი ნაბიჯები და ძლიერი ქმედებები. შედგა შეხვედრა აშშ-ს გუნდთან. დღეს აშშ-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ომის გუნდთან, ანუ რუსეთის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ უკრაინისა და ამერიკის გუნდებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. მალე ველოდები ახალ მოხსენებას. გვჭირდება მოძრაობა რეალური მშვიდობისკენ - გარანტირებული უსაფრთხოებისკენ და ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება - უკრაინაში, ევროპაში, ამერიკაში და მთელ მსოფლიოში - ყველას, ვისაც სურს სტაბილურობა საერთაშორისო ურთიერთობებში. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ყველა ძლიერ ინიციატივას, რომელსაც შეუძლია დიპლომატია უფრო ეფექტური გახადოს და ეს ნიშნავს ზეწოლას, რათა რუსეთს ომის დასრულება ვაიძულოთ. ეს ნიშნავს სანქციებს. ეს ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერას. ეს ნიშნავს საერთაშორისო კოორდინაციას", - განაცხადა ზელენსკიმ.
თორმეტ საათს გაგრძელდა აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე. შეხვედრა 24 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სასტუმრო Ritz Carlton-ში გაიმართა.
სააგენტო Reuters-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა უთხრა, რომ პროგრესი მიღწეულია და უახლოეს ხანში მოსალოდნელია დადებითი განცხადება. სააგენტოს რუსული წყაროს თანახმად, ერთობლივი განცხადების პროექტი დასამტკიცებლად მოსკოვსა და ვაშინგტონში გაიგზავნა და სამშაბათს, 25 მარტს, უნდა გამოქვეყნდეს.