სკანდალი - აშშ-ის მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტი საიდუმლო სამხედრო ჩათში დაამატეს
თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ჟურნალისტი დაუცველ ჯგუფურ ჩათში შეცდომით დაემატა, სადაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნები იემენში ჰუთიტების წინააღმდეგ სამხედრო დარტყმას გეგმავდნენ.
- ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა განაცხადა, რომ ის Signal-ის ჯგუფურ ჩათში დაამატეს, რომელშიც, სავარაუდოდ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი შედიოდნენ.
- ირკვევა, რომ ჯეფრი გოლდბერგმა მაიკ უოლცისგან Signal-ის დახურულ ჩატში მიწვევა 13 მარტს, მოულოდნელად მიიღო.
გოლდბერგის თქმით, მან საიდუმლო სამხედრო გეგმები ნახა, მათ შორის იარაღის პაკეტები, სამიზნეები და ოპერაციის დრო, ორი საათით ადრე, ვიდრე აშშ ჰუთიტებზე ავიადარტყმას განახორციელებდა.
საიდუმლო ინფორმაციის განხილვის წესების დარღვევას მწვავე რეაქცია მოჰყვა კონგრესის წარმომადგენლებისა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტებისგან.
აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირების დახურულ ონლაინ-ჩატში უცხო პირის შეცდომით ჩართვით გამოწვეული სკანდალის გამო შესაძლოა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლი, მაიკ უოლცი თანამდებობიდან გაუშვან.
Politico გავლენიან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრი სახლის მაღალჩინოსნების ნაწილი მიიჩნევს, რომ მაიკ უოლცმა თანამდებობა თავად უნდა დატოვოს.