Bloomberg: პუტინი ამოწმებს, შესაძლებელია თუ არა სანქციების შემსუბუქება ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამოწმებს, შესაძლებელია თუ არა სანქციების შემსუბუქება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში -ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
კრემლის სტრატეგიის ნაწილია მოთხოვნა, რომ „როსსელხოზბანკი “SWIFT-ს მიუერთდეს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში.
- ფინანსური ინფორმაციის გადაცემისა და გადახდის სისტემა SWIFT ევროკავშირის იურისდიქციაშია.
Bloomberg-ის ცნობით, „როსსელხოზბანკზე“ მოთხოვნა წამოაყენეს ევროპაში ტრამპის გავლენის შესამოწმებლად. სააგენტოს წყაროები აღნიშნავენ, რომ ამ საკითხში წარმატებამ შესაძლოა სანქციების რეჟიმის თანდათანობით შემსუბუქება გამოიწვიოს.
24 მარტს ერ-რიადში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ რუსეთმა წამოაყენა წინადადება, სანქციები მოეხსნას „როსსელხოზბანკსა“ და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობენ საკვებით და სასუქებით ვაჭრობაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის, განიხილოს ეს საკითხი მოსკოვთან და ევროკავშირთან.
თავის მხრივ საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა, რომლებიც შედიან ე.წ. მსურველთა კოალიციაში, განაცხადეს, რომ ნაადრევია ამ მომენტში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესუსტება.
ასევე ცნობილია, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის შემუშავება დაიწყო. შეზღუდვებზე მუშაობა საწყის ეტაპზეა.