უიტკოფი: რუსეთთან მოლაპარაკებებში რაღაც ისეთის ზღვარზე შეიძლება ვიყოთ, რაც მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა Fox News-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში პროგრესია.
"რუსეთთან მოლაპარაკებებში რაღაც ისეთის ზღვარზე შეიძლება ვიყოთ, რაც მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი იქნება"- აცხადებს უიტკოფი.
კითხვაზე -"უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან შეთანხმება ყალიბდება თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დროის მოგებას ცდილობს", დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა უპასუხა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესია.
ვფიქრობ, კარგი სიტყვა გამოიყენეთ, ყალიბდება. დიახ, ასე ვფიქრობ. ეს მესამე შეხვედრა იყო, რომელიც მასთან (ვლადიმერ პუტინი) გავმართე. შეხვედრა თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა. ოთახში მისი ორი მთავარი მრჩეველი იყო (რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე) იური უშაკოვი და (რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი) კირილ დმიტრიევი. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და შეხვედრის ბოლოს ჩვენ იქამდე მივედით, რაც მუდმივი მშვიდობის მისაღწევად პუტინის მოთხოვნას წარმოადგენს. ჩვენ პასუხი მივიღეთ.
რთული სიტუაციაა, რომელიც რეალურ პრობლემურ საკითხებს ეფუძნება, რაც ორ ქვეყანას შორის ხდება. ვფიქრობ, რაღაც ისეთის ზღვარზე შეიძლება ვიყოთ, რაც მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, ვფიქრობ, რომ რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობების ხელახლა ფორმირების შესაძლებლობა არსებობს, ძალიან მიმზიდველი კომერციული შესაძლებლობების მეშვეობით, რაც, ვფიქრობ, რეგიონში რეალურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. პარტნიორობა სტაბილურობას ქმნის“, - თქვა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.