"9 მაისს მოსკოვში მივდივარ" – ფიცო რუსეთში დაგეგმილ სამხედრო აღლუმს პუტინთან ერთად დაესწრება

16.04.25 11:37
"9 მაისს მოსკოვში მივდივარ" – ფიცო რუსეთში დაგეგმილ სამხედრო აღლუმს პუტინთან ერთად დაესწრება

სლოვაკეთის პრეზიდენტი 9 მაისს მოსკოვში ჩავა. პრორუსი რობერტ ფიცო წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმს პუტინთან ერთად დაესწრება. ინფორმაციას სლოვაკეთის პრემიერი სოციალურ ქსელში თავად ადასტურებს და ამბობს, რომ მოსკოვში ჩასვლას ევროკავშირის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გეგმავს. 

ამავე განცხადებაში ფიცო ევროკავშირს აკრიტიკებს, საქართველოში მიმდინარე პროტესტს კი ე.წ. „მაიდნად" და დასავლეთის მიერ ორგანიზებულად აცხადებს

„ქალბატონი კალასისგან უპატივცემულობაა გაფრთხილება და მუქარა, მე ვეწინააღმდეგები ამას. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აფრთხილებს ევროკავშირის ლიდერებს, არ მიიღონ მონაწილეობა მოსკოვში, მაისში, გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში. მე წავალ მოსკოვში 9 მაისს. არ ვიცი, არის თუ არა ქალბატონი კალასის გაფრთხილება შანტაჟის ფორმა ან სიგნალი, რომ დავისჯები მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, მაგრამ ვიცი, რომ ახლა 2025 წელია და არა – 1939. ქალბატონი კალასის გაფრთხილება ადასტურებს, რომ ჩვენ გვჭირდება ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა იმის შესახებ, რაც მოხდა რუმინეთსა და საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით, როგორ არ დაეთმო სათანადო ყურადღება სლოვაკეთში ოპოზიციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბოროტად გამოყენების საკითხს.

ქალბატონო კალას, მინდა, გაცნობოთ, მე ვარ სლოვაკეთის, სუვერენული ქვეყნის ლეგიტიმური პრემიერ-მინისტრი. არავის შეუძლია, მიკარნახოს, სად შემიძლია ან არ შემიძლია მოგზაურობა. მე წავალ მოსკოვში და პატივს მივაგებ წითელი არმიის ათასობით ჯარისკაცს, რომლებიც დაიღუპნენ სლოვაკეთის განთავისუფლებისას, ისევე როგორც ნაცისტური ტერორის სხვა მილიონობით მსხვერპლს. მინდა, შეგახსენოთ, მე ვარ ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი ევროკავშირში, ვინც თანმიმდევრულად საუბრობს უკრაინაში მშვიდობის საჭიროებაზე და არ უჭერს მხარს ამ უაზრო ომის გაგრძელებას. ქალბატონი კალასის სიტყვები უპატივცემულობაა და მე მკაცრად ვეწინააღმდეგები“, – წერს ფიცო.