პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ მარკო რუბიო სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ესაუბრა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდი იტყობინება.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა ისაუბრეს უკრაინის ომზე, კერძოდ, პარიზში ამერიკის გუნდის შეხვედრაზე უკრაინის წარმომადგენლებთან და ევროპელ მოკავშირეებთან.
„სახელმწიფო მდივანმა რუს კოლეგას იგივე გზავნილი გადასცა, რაც ამერიკულმა გუნდმა უკრაინის დელეგაციას და ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს უთხრა: პრეზიდენტ ტრამპს და შეერთებულ შტატებს სურთ ამ ომის დასრულება და ახლა ყველა მხარეს წარუდგინეს ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობის მონახაზი.
პარიზში აშშ-ის მიერ შეთავაზებული ჩარჩოს იმედისმომცემი მიღება აჩვენებს, რომ მშვიდობა შესაძლებელია, თუკი ყველა მხარე მოიწადინებს შეთანხმების მიღწევას,- ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.