ვიმედოვნებთ, რომ ზავს მივაღწევთ - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე
პარიზში გამართულ მოლაპარაკებებს, რომელიც უკრაინაში ომის შეწყვეტას ეხებოდა, მხარეები "პროდუქტიულად" აფასებენ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ პროცესი წინ მიიწევს და მთავარია, რომ ცეცხლის შეწყვეტას ახლა რუსეთიც დათანხმდეს. ჟან-ნოელ ბარო იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში მხარეები უპირობო ზავს მიაღწევენ.
ეს ძალიან ღია, ძალიან გულწრფელი დისკუსიები შესაძლებელს გახდის ევროპელების, უკრაინელებისა და ამერიკელების წინსვლას, რომლებიც შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირას დისკუსიას ლონდონში გააგრძელებენ.
რუსეთი ჯერ არ დათანხმებია ცეცხლის სრულ შეწყვეტას, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ამას უკვე აკეთებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში მივაღწევთ სრულ, უპირობო ზავს, რაზეც უკრაინელები უკვე შეთანხმდნენ და ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი თავის მხრივ დათანხმდება.
დიდი ხნის განმავლობაში გვეშინოდა, რომ ევროპელები არ იქნებოდნენ მაგიდის გარშემო. დღეს ახალი ის არის, რომ შეერთებული შტატები, უკრაინა და ევროპელები ერთმანეთს ერთი მაგიდის გარშემო შეხვდნენ, - განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.
პარიზში, ელისეის სასახლეში უკრაინის, ამერიკისა და ევროპის დელეგაციებს შორის გუშინ მოლაპარაკებები გაიმართა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის წარმომადგენელი უკრაინაში, კიტ კელოგი ესწრებოდნენ.
უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობენ.
მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ საფრანგეთის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ემანუელ ბონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ჯონათან პაუელი და გერმანიის კანცლერის მრჩეველი იენს პლოტნერი.