პუტინმა "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა - რუსული მედია

ვლადიმერ პუტინმა "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვბრძანებ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეწყდეს ყველა სამხედრო მოქმედება“ - თქვა პუტინმა გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე.
პუტინის მიერ დაანონსებული ზავი, დღეს საღამოს, მოსკოვის დროით 18 საათიდან ამოქმედდება და 21 აპრილის 00:00 საათამდე გაგრძელდება.
„კრემლში შეხვედრისას უმაღლესმა მთავარსარდალმა საბრძოლო საკონტაქტო ხაზზე არსებული ვითარების შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მოხსენება მოისმინა და განაცხადა, რომ რუსული მხარე აჩერებს ყველა საომარ მოქმედებას 19 აპრილის 18 საათიდან [მოსკოვის დროით], 21 აპრილის 00:00 საათამდე [მოსკოვის დროით]“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.