უკრაინა არ აღიარებს, რომ ყირიმი რუსეთისაა, ეს ჩვენი კონსტიტუციის მიღმაა - ზელენსკი

23.04.25 12:08
უკრაინა არ აღიარებს, რომ ყირიმი რუსეთისაა, ეს ჩვენი კონსტიტუციის მიღმაა - ზელენსკი

უკრაინა უარზეა ყირიმი რუსეთს დაუთმოს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ ტრამპის ეს შეთავაზება დაუშვებელია, რადგან ყირიმი უკრაინისაა და ეს უკრაინის კონსტიტუციაშიც მკაფიოდ არის ჩაწერილი.

ზელენსკი პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს და ეს გამოჩნდა მაშინაც, როდესაც პუტინმა "სააღდგომო სამშვიდობო ზავი" დაარღვია.  

უკრაინა იურიდიულად არ აღიარებს, რომ ყირიმი რუსეთისაა. ეს ჩვენი კონსტიტუციის მიღმაა. ეს ჩვენი, უკრაინელი ხალხის ტერიტორიაა. ეს არ მოხდება და ნებისმიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეს უკვე ვთქვით. თავისი არსებობით ამას ამბობს უკრაინის კონსტიტუციაც. 

ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე დარტყმები არ იქნება და შესაბამისად, არ იქნება სარკისებური პასუხები. თუ ჩვენ მზად ვართ უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის, ეს ნიშნავს სიჩუმეს ცაში, ზღვაში, ფრონტზე ანუ ხმელეთზე. უკრაინა მზადაა, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. 

აღდგომას ყველა მიხვდა, თუ ვინ იყო ომის ერთადერთი მიზეზი. როდესაც რუსეთს დარტყმების რაოდენობის შემცირება სურდა, მან ეს გააკეთა, თუმცა იმის მიუხედავად, რომ რუსეთის არმიამ არ გამოიყენა შორი მოქმედების იარაღი, ბრძოლები ფრონტის ბევრ რაიონში გაგრძელდა. მიმდინარეობდა თავდასხმის ოპერაციები და გამოყენებული იქნა დრონები, - განაცხადა ზელენსკი. 

აშშ-ს პრეზიდენტი ელის, რომ უკრაინამ ყირიმსა და ნატოზე უარი თქვას. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს. ჟურნალისტები წერენ, რომ აღნიშნული პირობები საიდუმლო დოკუმენტშია გაწერილი, რომელიც პარიზში უკრაინის წარმოამდგენლებს და ევროკავშირის წევრებს გადასცეს.