რუსეთის მასირებული შეტევა უკრაინაზე - კიევში 25 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

კიევზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის მსხვერპლთა პატივსაცემად 25 აპრილი უკრაინის დედაქალაში გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაცია სოციალური ქსელებით კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გამოაქვეყნა.
მისი თქმით, ამ დროისთვის დადასტურებულია 10-მდე ადამიანის გარდაცვალება, სამედიცინო დახმარება კი 77 ადამიანს დასჭირდა.
მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სვიატოშინის რაიონში ორი სახლის ნანგრევების გაწმენდა ხდება. ამ დროისთვის დადასტურებულია 10-მდე ადამიანის გარდაცვალება. სამედიცინო დახმარება 77 ადამიანს დასჭირდა, 31 დაზარალებული კი საავადმყოფოშია. რუსეთის თავდასხმის შედეგად 12 შენობა დაზიანდა. დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას მერია დახმარებას უწევს. სვიატოშინის რაიონში მსხვერპლთა დახმარების პუნქტი შეიქმნა. ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს ტექნიკითაც და ხელითაც, რადგან ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი იყოს დარჩენილი . კიევში ხვალ გლოვის დღეა გამოცხადებული- დედაქალაქზე მტრის მასიური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად", - წერს კლიჩკო.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე რაკეტებით და დრონებით შეტევა 24 აპრილს, შუაღამის შემდეგ მიიტანეს.
დღის სამი საათის მონაცემებით, კიევში დაიღუპა 8 და დაშავდა 77 ადამიანი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპიკერმა პავლო პეტროვმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას" უთხრა, რომ ნაპოვნია 8 იდენტიფიცირებული ცხედარი და სხეულის ნაწილები.