პაპუაშვილი ბაიდენის ადმინისტრაციას დაუპირიპირდა - რისი იმედი აქვს ივანიშვილის გუნდს
ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე ბაიდენის ადმინისტრაციას უპირისპირდება - შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ 46-ე პრეზიდენტის გუნდი საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ცდილობდა.
წინა ადმინისტრაცია ერთი მხრივ, სარგებლობდა იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად გვერდში ედგა ამერიკელ ხალხს და ხელისუფლებას და მეორე ხელით ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას საქართველოში. ეს თავად აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა. USAID-ი, NED-ი და ყველა დაფინანსება საბოლოო ჯამში მიმართული იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრის და ქართული საზოგადოების დაზიანებისკენ. ჩვენ გვინდა, რომ ის, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფუჭა, გამოსწორდეს. ამასთან დაკავშირებით ახალ ადმინისტრაციასთან არაერთხელ გვქონია [კომუნიკაცია] და იცის, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ურთიერთობები დაბრუნდეს იმ კალაპოტში, რაც მანამდე იყო. ჩვენ ეს არაერთხელ გვაქვს მათთვის გაზიარებული, ამიტომ, კარგად არის ცნობილი, რა აქვს გასაკეთებელი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გააუმჯობესოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, რის გაკეთებას აპირებს საქართველო ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან, გაითვალისწინონ ამერიკელი ხალხის ინტერესები და ეს იყოს ერთ-ერთი მამოძრავებელი.
ჩვენ მზად ვართ, რომ ამერიკელი ხალხის ინტერესები გავითვალისწინოთ და ეს იყოს ერთ-ერთი მამოძრავებელი. ამავე დროს, მოლოდინი არის, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამაც უნდა გააცნობიეროს, რა არის ქართველი ხალხის ინტერესი. ახალმა ადმინისტრაციამ კარგად იცის, რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ გამოსწორდეს ურთიერთობა საქართველოსა და აშშ-ს შორის.
ამ ურთიერთობების გაფუჭება ჩვენ არ დაგვიწყია - ეს დაიწყო ბაიდენის ადმინისტრაციამ, გააფუჭა და ეს ურთიერთობები პრეზიდენტ ტრამპს დაახვედრა ლამის ჩიხში შესული. აშშ-ს ამ რეგიონში ალბათ, არ ჰყავს ისეთი სანდო პარტნიორი, როგორიც საქართველოა. ქართველი ხალხი არაერთხელ პოლიტიკურად და მათ შორის ბრძოლებშიც გვერდში დაუდგა ამერიკელ ხალხს. ეს ურთიერთობა გააფუჭა ბაიდენის ადმინისტრაციამ და ყოფილმა ელჩმა. ასე რომ, ვინც გააფუჭა ურთიერთობა, მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ნაბიჯები მისგან მოდიოდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.