დღეს სუს-მა, პროკურატურამ და ხელისუფლებამ უსუსური სახე აჩვენეს-ირაკლი კუპრაძე ჩხრეკებზე

29.04.25 23:04
დღეს სუს-მა, პროკურატურამ და ხელისუფლებამ უსუსური სახე აჩვენეს-ირაკლი კუპრაძე ჩხრეკებზე

შიშის დანერგვის მცდელობა მოქალაქეებში- ასე აფასებს ჟურნალისტ, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლის ჩხრეკას "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე და მიიჩნევს, რომ “ეს ყველაფერი არ მუშაობს“.

კუპრაძის თქმით, “დღეს სუსმა, პროკურატურამ და ხელისუფლებამ უსუსური სახე აჩვენეს.“

“შეუძლებელია ამ ტიპის კვალიფიკაციის წარმონაქმნს რაიმე შიში დანერგვის შესაძლებლობა ჰქონდეს“-თქვა კუპრაძემ გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას.

თურმე შესაძლებელია, ადამიანს შეუვარდე სახლში, ავტობუსიდან ჩამოსვა მოქალაქე და მიიყვანო სახლში ჩხრეკაზე, მაგრამ ეს ყველაფერი არ მუშაობს. თითოეული მათგანი, ვისთანაც შევიდა სახლში ივანიშვილის პროკურატურა და სუსი, გამოდის, საუბრობს ამის შესახებ და ამბობს, რომ გაჩერებას არ აპირებს. 

დღის მთავარი მოვლენა ის იყო, რომ სახელმწიფო უწყებამ, რომელსაც ამ ქვეყნის უსაფრთხოება და ბედი აბარია, ვერ გაარჩია ერთმანეთისგან ადამიანის უფლებათა ცენტრი და ადამიანის უფლებათა სახლი, უნდოდათ, ბაია პატარაიასთან შევარდნილიყვნენ და შევარდნენ ალეკო ცქიტიშვილთან, რადგან სახელწოდებები ვერ გაარჩიეს. დღეს სუს-მა, პროკურატურამ და ხელისუფლებამ უსუსური სახე აჩვენეს. ამიტომ, შეუძლებელია ამ ტიპის კვალიფიკაციის წარმონაქმნს რაიმე შიში დანერგვის შესაძლებლობა ჰქონდეს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მუდმივი რუტინული წინააღმდეგობა არის გამოსავალი იმის, რომ ხელისუფლება დანებდეს იმ მთავარ მოთხოვნებს, რაც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები,- განაცხადა კუპრაძემ. 

დღეს, 29 აპრილს პროკურატურის თანამშრომლებმა  „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. 

  • ჩხრეკის დაწყების დროს ბინებში ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის არასრულწლოვანი შვილები იყვნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჩხრეკა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები