რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რომ გამოხვიდე და უთხრა "წადი!" - ნანკა კალატოზიშვილი

30.04.25 11:55
რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რომ გამოხვიდე და უთხრა "წადი!" - ნანკა კალატოზიშვილი

რეჟიმი ყველა მეთოდით ცდილობს, რომ გაგვაჩუმოს და გაგვაჩეროს, - ასე აფასებს გუშინდელ ჩხრეკებს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი. ხელოვანის თქმით, "ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ხალხი გამოვიდეს და მათი გადადგომა მოითხოვოს. 

ყველა ზღვარს გადასული ადამიანები არიან, უპრინციპო, ბოროტი და ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები არიან. ყველა მეთოდით ცდილობენ, რომ გაგაჩერონ ან გაგაჩუმონ, ან უბრალოდ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს, გამოხვიდე და უთხრა: "წადი!", - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი. 

გუშინ, 29 აპრილს პროკურატურის თანამშრომლებმა  „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. 

  • ჩხრეკის დაწყების დროს ბინებში ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის არასრულწლოვანი შვილები იყვნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჩხრეკა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

საქმე მოძრაობა ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.

მიმდინარე წლის 17 მარტიდან დღემდე დაყადაღებულია იმ ორგანიზაციის ანგარიშები, რომლებიც აქციებზე დაპატიმრებულ მონაწილეებს, მათ ოჯახებსა და დაზარალებულებს ფინანსურად ეხმარებოდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები