სუსი ისევ ირწმუნება, რომ „პირთა გარკვეული ჯგუფი დესტაბილიზაციის პროვოცირებას გეგმავდა", პირველად ახსენებს დასავლეთს

30.04.25 14:03
სუსი ისევ ირწმუნება, რომ „პირთა გარკვეული ჯგუფი დესტაბილიზაციის პროვოცირებას გეგმავდა", პირველად ახსენებს დასავლეთს

პარლამენტის ვებგვერდზე სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის [სუს] 2024 წლის ანგარიში გამოქვეყნდა.

ოხანაშვილის უწყება 66 გვერდიან დოკუმენტში ისევ „უცხო ქვეყნებზე“, „მაიდანიზაციასა“ და „ფერად რევოლუციებზე“ საუბრობს და ირწმუნება, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები „საკუთარი ქვეყნების ინტერესების” გასატარებლად აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან კავშირის დამყარებას.

ანგარიშს რომელსაც ხელს "ქართული ოცნების" სუს-ის ხელმძღვანელი  აწერს, საუბარი, ძირითადად, ოპოზიციის, მედიის და არასამთავრობო სექტორის დასავლეთთან საეჭვო კავშირებზეა.

უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები, ასევე ცალკეული შიდა და გარე აქტორები ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობდნენ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას, იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები. მათ მიერ აქტიურად გამოიყენებოდა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიები, რომელშიც, მათ შორის, ჩართული იყვნენ დასავლური ქვეყნებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, რამაც ცალკეული ქვეყნის სპეციალურ სამსახურებს გაუადვილა საქართველოში ანტიდასავლური კამპანიის წარმოების შესაძლებლობები. 

პირთა გარკვეული ჯგუფების მოქმედებები იმართებოდა უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ, - ნათქვამია ანგარიშში. 

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში, რომელიც პარლამენტს უკვე გადაეგზავნა, კონკრეტული ფაქტები მოყვანილი არ არის.

  • აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ საკითხზე გამოძიება დაწყებული აქვს, თუმცა,  კონკრეტული შედეგი ცნობილი არ არის.

ამის მიუხედავად, ივანიშვილის დეპუტატები ამტკიცებენ, რომ სუსი არ "ჭორაობს" და ხელისუფლების დამხობა ნამდვილად მზადდებოდა. 

უსაფრთხოების სამსახური, გარკვეული პარტიული ტელევიზიებისგან განსხვავებით არ ჭორაობს. ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც არის მნიშვნელოვანი თითოეული მოქალაქისთვის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. შესაბამისად, ის, რომ პარლამენტში არის წარმოდგენილი ეს ანგარიში, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიგოს.

პირდაპირ ეთერში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ნათქვამი, რომ აპირებდნენ გადატრიალებას, აყირავებას ამ ქვეყნის, დამხობას, იყენებდნენ საერთაშორისო დაფინანსებას არეულობისთვის, შესაბამისად, ეს არის მტკიცებულებები, - ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე.

"ოცნების" წევრი ლადო კახაძე ირწმუნება, რომ ქართული ოპოზიცია "გარედან იკვებება".

სამწუხაროდ, არის ისეთი ფაქტები, სადაც გარედან იკვებება ის ოპოზიცია, რომელიც ქვეყნისთვის კარგ საქმეს არ აკეთებს. სამთავრობო გუნდმა, ამერიკელმა, მთელ მსოფლიოს ამცნო, რომ წინამორბედმა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი საზიანო გააკეთა დანარჩენი მსოფლიოსთვის, მათ შორის, არასწორად ჩარევის კუთხით. ეს უკვე არგუმენტია, რომელიც სიფხიზლისკენ მოუწოდებს დანარჩენ მსოფლიოს, - ამბობს ლადო კახაძე. 

66 გვერდიან დოკუმენტში რუსეთზე საუბარი მხოლოდ ოკუპაციის ნაწილშია, თუმცა სხვა მიმართულებით, მაგალითად, დეზინფორმაციაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, რუსეთის გავლენები ხაზგასმული არ არის. 

ანგარიშში კიდევ ერთი საინტერესო ფრაგმენტი მოხვდა. სუსი ამტკიცებს, რომ ოჩამჩირის საზღვაო ფლოტი არა არა საზღვაო სამხედრო ბაზის მშენებლობა, არამედ საკონტეინერო ტერმინალია, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები