რყევები დაწყებულია, რეჟიმი დასასრულს უახლოვდება - სალომე ზურაბიშვილი

30.04.25 14:24
რყევები დაწყებულია, რეჟიმი დასასრულს უახლოვდება - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი რეჟიმის მიერ ჩატარებულ ჩხრეკების სერიებს ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდის მიერ განხორციელებული ყველა რეპრესიული ქმედება პირდაპირი მაჩვენებელია, რომ "რყევები დაწყებულია" და "რეჟიმი დასასრულს უახლოვდება". 

რყევები რეჟიმის კუთხით ძლიერდება, ვხედავთ ადამიანები პირველი წრიდან ამ ბოლო პერიოდიში გავიდნენ თამაშიდან - ამბობს მეხუთე პრეზიდენტი.

  • შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" 5 დღის წინ  ირაკლი ღარიბაშვილმა დატოვა. ასევე 2 აპრილს გადადგა სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილიც.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს რომ რეჟიმის "რყევა" როგორც ქვეყნის შიგნით პროტესტმა და ხალხის ქუჩაში დაუღალავად დგომამ, ასევე საერთაშორისო სანქციებმა განაპირობა. 

„ეს ჩხრეკები, რეიდები სრულად წარმოუდგენელია ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია, რაც აღარ ვითვლებით ნორმალური ქვეყნების რიგებში. ეს რეპრესიები ყველა მხრივ, რაც ბოლო თვეებში ტარდება, მაჩვენებელია იმის, რომ რეჟიმი რეალურად, ვერ უმკლავდება სიტუაციას და მხოლოდ ამით ცდილობს, რომ თავისი თავი გაამყაროს. ყოველდღიურად ჩანს მეტი და მეტი, მაგრამ ეს მეტი და მეტი, როგორც ჩანს, ვერაფერს ვერ აღწევს. ვერც საბოლოოდ პროტესტის ჩაქრობას, ვერც ხალხის საბოლოო დაშინებას. იმასაც ვერ აღწევს, რომ შინაგანად გაამყაროს რეჟიმი, რამეთუ ვხედავთ, რომ რყევები რეჟიმის კუთხით გრძელდება, ძლიერდება. ადამიანები ტოვებენ, გადიან ამ რეჟიმის პირველი წრიდან სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ის, რომ უახლოესი პირები ამ რეჟიმის თამაშიდან ამ ბოლო პერიოდში გავიდნენ, ასე ვთქვათ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი იმის, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს რყევები. ვინც იცის პოლიტიკური სისტემების ისტორია, ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რითაც რეჟიმები უახლოვდებიან თავიანთ დასასრულს.

რათა გავიგოთ რა ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, სანქციები როგორ და რა ფორმით ავლენს შედეგს და გავლენას ამ ადამიანებზე, რომლებიც არიან პირველი წრის ადამიანები და არა მხოლოდ მათზე. ფინანსურად, სწორედ, ამ ადამიანებზე, რომლებსაც ყველაზე დიდი დოვლათი აქვთ დაგროვებული. მათზეა ყველაზე სერიოზული შედეგები და გავლენები ამ სანქციების. პირველ რიგში, პირველ ადამიანზე, რომელიც დღეს უკვე თავისი უზარმაზარი სიმდიდრით, იზოლირებულია და პრაქტიკულად ვეღარ სარგებლობს ამ თანხებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დილა თბილისში ჩხრეკების სერიით დაიწყო - 29 აპრილს პროკურატურის თანამშრომლებმა  „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. 

 

მსგავსი სიახლეები