კალაძის სიძე რუსეთის სამსახურში - რა თქვა პაატა აბულაძემ რუსულ, პროპაგანდისტულ მედიასთან
პროპაგანდისტული გზავნილები კალაძის სიძისგან - პაატა აბულაძე რუსულ მედიასთან ირწმუნება, რომ "დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდა". მისი მტკიცებით, ეს "საკუთარი ყურით მოისმინა".
კალაძის სიძემ, რომელმაც რუსულ სამთავრობო მედიასთან თავი"ოცნების" დამფუძნებლად და წარმომადგენლად წარადგინა, ირწმუნებოდა, რომ დასავლეთი საქართველოს ბუნებრივი მოკავშირე არ არის და ამიტომ, მნიშვნელოვანია მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. პაატა აბულაძის თქმით, სწორედ რუსეთია რეგიონში უსაფრთხოების გარანტი.
ჩვენ ასეთი არჩევანის წინაშე ვიდექით: ან საქართველო ფიზიკურად არ იარსებებს, ან საქართველო იცოცხლებს. ჩვენ რომ მათ ზეწოლას დავყოლოდით, ჩვენ ახლა აქ ერთად არ ვისხდებოდით და საქართველო ფიზიკურად რუკაზე არ იარსებებდა. ის, რომ ისინი გვიბიძგებდნენ ომისკენ ღიად, რომ არ ეჩოთირებოდათ არაფერი, ასე თავხედურად, ღიად, მე თავად ვარ მოწმე. მე არ ვამბობ, რომ მე ვიღაცამ მითხრა, მე ამას ჩემი ყურით ვისმენდი. მე მმართველ პარტიას წარმოვადგენ. იმასაც კი გვეუბნებოდნენ, რომ სამ დღეს ხომ მაინც გაძლებთ, აი სამი დღეს შემდეგ პარტიზანულ ომს დაიწყებთო. საჭიროა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, იმიტომ, რომ ის სამყარო ჩვენი სამყარო არ არის. ეიფელთან ან ბიგ ბენთან როგორ ფოტოებსაც არ უნდა იღებდე, ისინი უცხო ადამიანები არიან. დიახ, ჩვენ ჩვენი სპეციალური საბრძოლო მოქმედება დავიწყეთ, ჩვენ ვაკეთებდით ჩვენს დერუსოფობიზაციას, ჩვენს ე.წ. დელიბერალიზაცაის. ბრძოლა მოვიგეთ და არა ომი. ახლა ისინი ეთნო კონფლიქტებზეც მიდიან. დიახ, უკვე ასეთი საფრთხეც არის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ძალიან მგრძნობიარეა და სერიოზულად დააკვირდება ვითარებას რეგიონში, რადგან რუსეთი იყო უსაფრთხოების გარანტი რეგიონში, არის და იქნება მომავალშიც, ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი რუსი პარტნიორები იქნებიან ჩვენს გვერდით ნებისმიერ შემთხვევაში, - თქვა აბულაძემ.
"პირველები" შეეცადა, კითხვებზე პასუხები თავად კალაძის სიძისგან მიეღო. გვაინტერესებდა, რა მიზნით ჩავიდა რუსეთში, თუმცა პაატა აბულაძემ სატელეფონო საუბრისას იგინა, შემდეგ კი ტელეფონი გათიშა.
რაც შეეხება, თავად "ქართულ ოცნებას", მათ ჯერ საკითხზე განმარტებები არ გაუკეთებიათ.