EPP-ის მწვავე რეზოლუცია საქართველოზე - რა წერია დოკუმენტში
"ევროპის სახალხო პარტიამ" საქართველოს შესახებ მწვავე რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტში წერია, რომ EPP ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ლეგიტიმურ უფლებას, ევროპულ მომავალს და მათ ბრძოლას რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ სრულ სოლიდარობას უცხადებს.
- „ევროპის სახალხო პარტიის" მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის მოწოდება „ახალი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესების დასანქციებაზე“.
[EPP] გმობს „ქართული ოცნების“ ქმედებებს, ავტორიტარიზმში მის მიმდინარე ვარდნას და რუსული ორბიტისკენ დინებას, მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, რომელთა სახელებიც აქ ჩამოთვლილია; [EPP] მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება და დაასრულოს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორი...
[EPP] მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დანიშნონ კონკრეტული ვადა ახალი, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელშიც სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, პოლიტიკური ჩარევის გარეშე იფუნქციონირებენ და არა სახელმწიფოს მიტაცების მდგომარეობაში..." - წერია დოკუმენტში.
ვალენსიაში გამართულ ყრილობაზე მიღებული რეზოლუციის თანახმად, EPP ევროკომისიას, მის წევრ სახელმწიფოებს და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, გადახედოს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას და ბიძინა ივანიშვილს, მისი ოჯახის წევრებს, კომპანიებს და მის ხელშემწყობთა ქსელს ორმხრივი სანქციები დაუწესონ.
EPP მოითხოვს, რომ ევროკავშირში ბიძინა ივანიშვილის აქტივები გაყინონ, "ქართუ ბანკი" სვიფტიდან გათიშონ და ვიზა/მასტერკარდის სისტემებიდან. ამასთან, რეზოლუციაში წერია, რომ ევროკავშირმა სექტორული სანქციები დაუწესოს მიზნობრივ ბიზნესს, რომელიც რეჟიმს მხარს უჭერს.
[EPP] მიესალმება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, შეაჩეროს უვიზო მოგზაურობა ქართველი დიპლომატებისთვისა და ოფიციალური პირებისთვის, როგორც პირველ ნაბიჯს - და ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება” სრულიად პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებულ შედეგებზე - თუ დემოკრატიულ მმართველობასა და თავისუფლებებზე შესაბამისი პირობები და თავისუფლებები არ იქნება დაკმაყოფილებული...
[EPP] ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსა და იგივე აზრზე მყოფ ყველა საერთაშორისო პარტნიორს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შემოიღონ კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, კომპანიებისა და ხელშემწყობთა ქსელის წინააღმდეგ, და ევროკავშირში არსებული ივანიშვილის ყველა აქტივი გაყინონ; [EPP] ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, შესაბამისი ზომები მიიღონ, რათა ივანიშვილის „ქართუ ბანკი“ SWIFT და Visa/MasterCard ქსელებიდან ჩამოჭრან, და სექტორალური სანქციები შემოიღონ ბიზნესების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებსაც სპილენძის მადნებთან და ფერად მეტალებთან აქვთ საქმე..." - წერია დოკუმენტში.
"იპიპი" ასევე მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს, სანქციები დაუწესონ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტები, აქტივისტების სამართლებრივ დევნაზე.
ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ სანქციები გაუხანგრძლივოს მოსამართლეებს, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენებს იღებენ და ასევე იმ სამართალდამცველებსა და მედიის მფლობელებს, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმთან არიან დაკავშირებულნი.
[EPP] ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები დაუწესონ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე - და გააფართოონ ეს სანქციები, რათა მოიცვან მოსამართლეები, რომლებსაც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები გამოაქვთ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსა და ფინანსურ ხელშემწყობებზე, რომლებიც ჩუმად თუ ღიად მხარს უჭერენ რეჟიმს, და რეჟიმთან დაკავშირებულ მედიასაშუალებების მფლობელებზე,” - ნათქვამია რეზოლუციაში.