რეჟიმი მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას რეპრესიული მექანიზმებით ცდილობს - მელია
"ივანიშვილის რეჟიმი მორალური საფუძვლისგან გამოცლილია, რათა ქვეყანა მართოს" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" "მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას რეპრესიული მექანიზმებით ცდილობს", რისი დასტურიც, მელიას განმარტებით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა სახლში ჩატარებული ჩხრეკების სერიაა.
ივანიშვილის რეჟიმი გამოცლილია მორალური საფუძვლისგან, რომ ეს ქვეყანა მართოს. ის ვერ მართავს ამ ქვეყანას. ის რეპრესიულ მექანიზმებით მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. გუშინდელი დღეც ამის დადასტურება იყო. ემოციური დღე იყო, როდესაც ხედავდი, რომ პატრიოტების სახლში უწყებების წარმომადგენლები იყვნენ შეყრილები. კერაში რომ შემოგივარდება 40 ადამიანი დილის 9 საათზე, ეს ძალიან დიდი ნერვების ხარჯზე გადააქვს ბევრ ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვიზუალურად ამას არ იმჩნევენ". - განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დილა თბილისში ჩხრეკების სერიით დაიწყო - 29 აპრილს პროკურატურის თანამშრომლებმა „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს.