მდაბიო, სამარცხვინო და ძალადობრივი საქციელია - მეტრეველი ჩხრეკების სერიაზე
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დეა მეტრეველი "მდაბიო, სამარცხვინო და ძალადობრივ" ქმედებად აფასებს.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, 29 აპრილს განვითარებული მოვლენები დასტურია იმისა, რომ "ქართულ ოცნებას" ქვეყნის მართვის სადავეები დაკარგული აქვს.
ასე მდაბიოდ, სამარცხვინოდ, ძალადობრივად არ იქცევა ის ხელისუფალი, რომელი წელში გამართულია. ასე არ ექცევა, თუნდაც უმცირესობაში მყოფ საზოგადოების რაღაც ნაწილს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება ხვდება, რომ მას სადავეები დაკარგული აქვს. დღეს "ოცნება" ქართულ საზოგადოებას საინტერესოს აღარაფერს სთავაზობს, გარდა ჭაობისა, რომელშიც გვძირავენ... რაზე დგას რეჟიმი? არაფერზე არც არაფერზე, ყანყალებენ, მომპალია მათი საფუძველი". - განაცხადა დეა მეტრეველმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დილა თბილისში ჩხრეკების სერიით დაიწყო - 29 აპრილს პროკურატურის თანამშრომლებმა „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს.