დავითაშვილის ექსკურსიებმა და "ოცნების" ფართხალმა არ გაჭრა... - თაზო დათუნაშვილი
დავითაშვილის ექსკურსიებმა, ყაველაშვილის ვიზიტებმა და "ოცნების" ფართხალმა არ გაჭრა, - ასე ეხმაურება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში "MEGOBARI ACT"-ის მომავალ კვირას განხილვას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის, საქართველოს დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის მეგობარი რჩება.
"ქართული ოცნების" თავზე შავი ღრუბელი საბოლოოდ იკვრება. თუ აქამდე ფრაგმენტულად, მაგრამ სისტემურად ბევრი ადამიანის, უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციები იქნა გამოყენებული, ახლა მეგობარი აქტის ფინალში გასვლით ამ ყველაფრის კონსოლიდირება მოხდება. არც დავითაშვილის ექსკურსიებმა, არც ყაველაშვილს ვიზიტებმა და ამ ფართხალმა არ გაჭრა. შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს დემოკრატიის და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მეგობარი რჩება". - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, თეთრ სახლში მომუშავე ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა "MEGOBARI ACT"-ს მომავალ კვირას განიხილავს.