ბოჭორიშვილმა საგარეო უწყებაში რეორგანიზაცია დაიწყო - "პირველებმა" დოკუმენტი მოიპოვა

01.05.25 17:08
ბოჭორიშვილმა საგარეო უწყებაში რეორგანიზაცია დაიწყო - "პირველებმა" დოკუმენტი მოიპოვა

მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო უწყებაში რეორგანიზაცია დაიწყო - "პირველების" ხელშია ბრძანება, რომლითაც ირკვევა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან დასაქმებულების გათავისუფლებას ხელი სწორედ "ოცნების" მინისტრმა მოაწერა.

  • დოკუმენტი 29 აპრილით თარიღდება. 

მაკა ბოჭორიშვილის რეორგანიზაცია ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ყოფილ მდივანს უკვე შეეხო. გიორგი კობახიძე "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სამსახურიდან დათხოვნა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმოწერას უკავშირდება. 

მისივე განცხადებით, თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი საგარეო უწყებაში არ განუმარტეს, მხოლოდ ის უთხრეს, რომ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება აღარ გაგრძელდებოდა. 

ამ პეტიციის ხელმოწერისთანავე იყო შიდა საუბრები, რომ ის ხალხი, ვინც ხელი მოაწერა პეტიციას, სავარაუდოდ, გათავისუფლებული იქნებიან დაკავებული თანამდებობიდან. ვიყავი ადმინისტრაციული პერსონალის წევრი და ვიყავი ხელშეკრულებით დასაქმებული. 7 აპრილს მოვიდა ახალი ბრძანება, სადაც ეწერა, რომ მხოლოდ ერთი თვით იყო გახანგრძლივებული ჩემი ხელშეკრულება. ამ ოფიციალურ ცნობასთან ერთად, სიტყვიერი ცნობაც მოვიდა, რომ დიდი ალბათობით, ჩემი ხელშეკრულება არ გაგრძელდება." - განაცხადა გიორგი კობახიძემ. 

მაკა ბოჭორიშვილის მიერ საგარეო უწყებაში დაწყებულ რეორგანიზაციას დიპლომატიური კლუბის თანადამფუძნებელიც ეხმაურება. გიგი კუბლაშვილი ფიქრობს, რომ მიმდინარე პროცესი დიპლომატიური სამსახურის განადგურების მცდელობაა. 

ეს არის მცდელობა იმისი, რომ დიპლომატიური სამსახური განადგურდეს და დაკომპლექტდეს ისეთი ადამიანებით, როგორებიც მთავრობაში ჰყავს, რომ არავის რაიმე პრეტენზია არ ჰქონდეს და ამბიციები არ გაუჩნდეთ. დღევანდელ ხელისუფლებას არ სჭირდება აქტიური საგარეო პოლიტიკა და ამ ამოცანებს ემსახურება ეს ყველაფერი". - განაცხადა გიგი კუბლაშვილმა. 

სამინისტროში დაწყებულ რეორგანიზაციაზე ბოჭორიშვილის უწყებას ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

ამასთან, დღეს, 1 მაისს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს აუქმებს. 

გასული წლის დეკემბრიდან დღემდე არაერთი საჯარო მოხელე წერს, რომ სამსახურიდან მოულოდნელად გაათავისუფლეს.

  • აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან სხვა ფორმალური მიზეზებით გაათავისუფლეს ის თანამშრომლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებებს ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე, ან ღიად გამოხატეს თავიანთი კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ.
  • გავლენიანი ქართული არასამთავრობო ორგანოზაციების შეფასებით,  "ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე, ოთხჯერ შეიტანა რეპრესიული ცვლილებები "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში. მნიშვნელოვნად გააუარესა საჯარო მოხელეთა სამართლებრივი დაცვა და, ფაქტობრივად, გააუქმა საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობა იყო.

მსგავსი სიახლეები