სააკაშვილის სურვილი, ჩავიდეს საქართველოში, ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება - კრამონი
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ პატივს სცემს მიხეილ სააკაშვილის სურვილს, ჩავიდეს თავის ქვეყანაში, თუმცა ეს საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება. ამის შესახებ ევროპარლამენტარი Twitter-ში წერს.
საქართველოში გადამწყვეტ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ვხედავთ, რომ დაპირისპირება და ძალადობა უკიდურეს საშიშ დონეს აღწევს. ამ ვითარებაში, არც ერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გულწრფელად აყენებს ყველაფერზე მაღლა, არ უნდა შეუწყოს ხელი უფრო მეტ პოლარიზაციას. საქართველოს და მის ხალხს სიტუაციის ესკალაცია არ წაადგება.
ასეთ პოლიტიკურ გარემოში ბატონი სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში ახლა, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მე სრულად მესმის ბატონი სააკაშვილის სურვილი, იმყოფებოდეს მის სამშობლოში, ამგვარი ნაბიჯი, ამ დროისთვის კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, შექმნის არასაჭირო დაძაბულობას და დააზიანებს როგორც არამდგრად პოლიტიკურ პროცესებს, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს. ამ უკანასკნელმა ბოლო დროს უკვე განიცადა სერიოზული დარტყმა „ქართული ოცნების“ მავნე გადაწყვეტილებების შედეგად", - ნათქვამია ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაში.
ევროპარლამენტარის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირს არ აქვს რესურსი და სურვილი, რომ შუამავლად ჩაერთოს პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში შეიქმნება.
ევროკავშირს არ გააჩნია არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ბატონი სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში. მე და ჩემმა კოლეგებმა ყოველივე ეს მკაფიოდ განვუმარტეთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს. ამ პოზიციას ასევე ფართოდ იზიარებენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც.
ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, ვრჩებით ქართველი ხალხის ერთგულნი, რომელიც იმსახურებს პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს და მათი ქვეყნის ინტერესების დაცვას," - ამბობს ვიოლა ფონ კრამონი