მოსკოვის და თბილისის იდენტური რიტორიკა - ოლიგარქის რეჟიმი მედვედევმა ამხილა
"ტრამპის რეიტინგები დაეცა, “დიფ სთეითი” მას უკიდურეს წინააღმდეგობას უწევს - ამ სიტყვების ავტორი რუსი ჩინოვნიკი დიმიტრი მედვედევია. ივანიშვილის პარტიისგან ბევრჯერ მოსმენილ შეთქმულებას მაშველ რგოლად ახლა კრემლი იყენებს. მედვედევი დიფ სთეითს აბრალებს შტატებიდან მოსალოდნელ სანქციებს ზუსტად ისე, როგორც გაამართლა "ქართულმა ოცნებამ" დასავლეთთან შექმნილი ყველა პრობლემა.
განცხადებების დამთხვევა სიახლე არ არის და "ოცნებაც" მუდამ შემთხვევითობას აბრალებს. თუმცა, აქ საქმე ეხება ნარატივს, რომლის მიზანიც იდენტურია.
რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებები პასუხისმგებლობისგან თავს იცავენ და საზოგადოებაში დასავლეთისადმი ნდობის შერყევას ცდილობენ. ხალხს არწმუნებენ, რომ ამერიკას არა დემოკრატიული ინსტიტუტები ან ტრამპი, არამედ უხილავი ძალა მართავს, და მისი სამიზნე ახლა რუსეთი და საქართველო ერთდროულად გამხდარა.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ნარატივების კიდევ ერთი დამთხვევა კიდევ ერთი საშუალებაა "ქართული ოცნების" პოლიტიკური ორიენტირის გასარკვევად. მათთვის ეს ცხადი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ოლიგარქის პარტია ამ უხილავ ძალას გლობალური ომის პარტიის სახელით წარმოაჩენდა. ეს ტერმინი პოლიტიკურ სივრცეში პუტინის რუსეთმა შექმნა და ქართულ რეალობაში ივანიშვილმა განავრცო. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ დიფ სთეითის კონსპირაციაც რუსეთში დაიწერა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.