გერმანიის საელჩო: დემოკრატია წარმოუდგენელია თავისუფალი მედიის გარეშე - ყველგან, სადაც არ არის პრესის თავისუფლება, ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა
პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს - დიპლომატიური უწყება სოციალურ ქსელში წერს, რომ იქ, სადაც არ არის პრესის თავისუფლება, ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა.
პრესის თავისუფლება წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას და ყველა დემოკრატიის ქვაკუთხედს.
დემოკრატია წარმოუდგენელია თავისუფალი მედიის გარეშე. მედია აწვდის საზოგადოებას ახალ ამბებს, ყურადღებას ამახვილებს პრობლემებზე და ხელს უწყობს აზრის ჩამოყალიბებას. ამის გაკეთება მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მედია-გარემო არის თავისუფალი, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი.
ყველგან, სადაც არ არის პრესის თავისუფლება, ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა.
პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მადლობას ვუხდით მედიის ყველა წარმომადგენელს მათი საქმიანობისთვის“,- - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს 3 მაისია, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე, რომელსაც საქართველო უმძიმესი სტატისტიკით ხვდება. მხოლოდ ერთ წელიწადში, ივანიშვილის რეჟიმის მიერ გატარებული ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო, მედიის უფლებების დარღვევის 340-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
კვლევის შედეგებს მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი აქვეყნებს და წერს, რომ დაფიქსირდა 112 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა, 12 უკანონო დაკავების ფაქტი და 77-ჯერ შეზღუდული უფლება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.
ერთ წელიწადში პირველად შეიქმნა პრეცედენტები, როცა ჟურნალისტებს ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ ნიღბიანი ზონდერ დაჯგუფებები და ლამის სასიკვდილოდ იმეტებდნენ. საქართველოს დღეს პირველად ჰყავს ქალი პოლიტპატიმარი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.
ამასთან, უკვე დაიხურა ერთი კრიტიკული არხი, ათობით ჩვენი კოლეგა კი რეჟიმის რეპრესიების გამო საკუთარ პროფესიას ჩამოშორდა.