სინდისის პატიმრების საქმეები - ლევან მურუსიძე ამტკიცებს, რომ "სამართალი არავის დაეკარგება"
სასტიკად ნაცემი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ახალგაზრდების ოთხ კედელში გამომწყვდევის ფონზე, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ლევან მურუსიძე ამტკიცებს, რომ ქართული სასამართლოები სინდისის პატიმრების საქმეებზე გადაწყვეტილებას მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით იღებენ.
სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენელი საჯაროდ გაკეთებულ კომენტარში ირწმუნება, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა დამოუკიდებელია და საქართველოში "სამართალი არავის დაეკარგება".
- დღეს ლევან მურუსიძეს კითხვები მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა დაუსვეს. კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს იმ სივრცეში, სადაც მოსამართლეების დიდი კონფერენცია მიმდინარეობდა. საჯარო კომენტარიც სწორედ პირველმა არხმა გაავრცელა.
გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა, დარწმუნებული ვარ, რომ იქნებოდა კანონზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით. საქართველოში არის დამოუკიდებელი სასამართლო და არავის სამართალი არ დაეკარგება. აღნიშნული საქმეები განხილული იქნება... არის სამი ინსტანცია, შემდგომ არის სტრასბურგის სასამართლო. ყველა ვნახავთ, რამდენად ჩააბარებს ქართული სასამართლო ტესტს. დახვედრები, შეურაცხყოფის მოყენებები... მე ვფიქრობ, რომ უფრო იმ ადამიანებს აყენებს შეურაცხყოფას, ვინც ცდილობს, რომ სასამართლო კორპუსს მიაყენოს შეურაცხყოფა და სასამართლო კორპუსი მედგრად, მტკიცედ გასცემს პასუხს". - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
ცნობისთვის, დღეს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეების შეკრება გაიმართა. მოსამართლეების თავყრილობის პარალელურად, აღმაშენებლის ხეივანზე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და მათ პროტესტის ხმა გააგონეს. საბოლოოდ, მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დატოვება საპროტესტო შეძახილებისა და ხმაურის ფონზე მოუწიათ.