ლევან მურუსიძე სანქციებზე: ძალიან მშვიდად და წყნარად ვარ
დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენელი, ლევან მურუსიძე, რომელსაც ქართულ ბანკებში ანგარიშებიც კი დაებლოკა, ირწმუნება, რომ სანქციებს "მშვიდად უყურებს".
- დღეს მურუსიძესთან კითხვების დასმის უფლებამ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა ჰქოდნათ. კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს იმ სივრცეში, სადაც მოსამართლეების დიდი კონფერენცია მიმდინარეობდა. საჯარო კომენტარიც სწორედ პირველმა არხმა გაავრცელა.
სანქციებთან დაკავშირებით ახლა კონკრეტულად მეც დასანქცირებული ვარ, ასანქცირებენ მოსამართლეებს. ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. ჩემთან მიმართებაში არ გავრცელდება, მაგრამ წერია, რომ გვაქვს გონივრული ეჭვიო და ხომ არ შეიძლება გონივრული ეჭვის საფუძველზე. აქ ხომ პოლიტიკა არის რეალურად. აქედან გამომდინარე, რადგან ამხელა უსამართლობაზე არის საუბარი, შესაბამისად, ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ სიტუაციას. ვინაიდან მიმაჩნია, რომ რეალურად მართლა გული კი არ შესტკივათ, რომ თქვათ ვასანქცირებთ ლევან მურუსიძეს იმის გამო, რომ თურმე ის კორუმპირებულია და ქართველი ხალხი შეწუხებულო არის ლევან მურუსიძის კორუფციით. ხომ არავის არ სჯერა, რომ ეს რეალობაა.
რეაგირებაც აღარ მაქვს უკვე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მშვიდად და წყნარად ვარ, ვინაიდან ვიცი, რომ რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ მართლა კორუფცია აინტერესებთ. რეალური მიზეზი არის, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება აინტერესებთ. რატომ აინტერესებთ, რომ თავიანთი გლობალური პოლიტიკაა - უკრაინა - რუსეთის ომი არის, საქართველო მეზობელი არის რეგიონში. მთელი რაღაც რიგი პროცესებია. ზოგს ეს ხელისუფლება უნდა, ვიღაცა მოვიდეს ქვეყანაში, ამისთვის სჭირდებათ სასამართლო, რომ არჩევნები გაბათილდეს როგორც მოუნდებათ. ეს ყველაფერი ჩემთვის გასაგებია და აქედან გამომდინარე, რადგან მიმაჩნია რომ აქ საუბარი არ არსი, არც კორუფციაზე და არის პოლიტიკური მოტივები, ამას ძალიან მშვიდად ვუყურებ. სანქციები, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს დღევანდელი დღითაც ჩანს, რომ ამდენი მოსამართლე შეიკრიბა. რაც უფრო ზეწოლა იქნება სასამართლო სისტემაზე, უფრო მედგრად იდგება სასამართლო კორპუსი", - ამბობს ლევან მურუსიძე.
დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე 2 აპრილს დაასანქცირა.
როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე სერიოზულ კორუფციაში მონაწილეობდნენ ან მონაწილეობენ. კერძოდ, სანქციების მიზეზად დასახელებულია, რომ მურუსიძემ და ჩინჩალაძემ თანამდებობები გამოიყენეს სასამართლო გადაწყვეტილებებსა და მოსამართლეების დანიშვნაზე ზეგავლენის მოსახდენად, რაც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხდებოდა.
ფოტო: კობახიძის და მოსამართლეების შეხვედრიდან.