პოლიტიკური კრიზისი სააკაშვილმა კი არა, ,,ოცნებამ" შექმნა - ნინო ბურჯანაძე
სააკაშვილი სწორად მოიქცა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ აპირებს ჩამოსვლას- ამის შესახებ ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ,,ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. ნინო ბურჯანაძის შეფასებით, პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში არა სააკაშვილმა, ან ოპოზიციურმა პარტიებმა, არამედ ,,ქართულმა ოცნებამ" შექმნა. ბურჯანაძე აცხადებს, თუ მმართველი პარტია არჩევნებს კვლავ გააყალბებს, ის პროტესტს შეუერთდება.
არ ვიცი, ჩამოვა თუ არა, მაგრამ სააკაშვილი სწორად მოიქცა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ აპირებს ჩამოსვლას. დრო სწორად შეარჩია. რომელიღაცა ევროპარლამენტარმა თქვა, არასაჭირო კრიზისიო და საჭირო კრიზისი რომელია? რომელიმე კრიზისი საჭიროა და კარგია? და ეს კრიზისი ჩვენ არ შეგვიქმნია, სხვათა შორის, არც სააკაშვილს შეუქმნია, ,,ოცნებამ" შექმნა, როცა არჩევნები გააყალბა.
დრო სწორად შეარჩია საკაშვილმა, როცა არჩევნები დასრულებული და შედეგები ცნობილი იქნება. არანაირი პრობლემა არ ექნება ,,ოცნებას", თუ ის ნორმალურ არჩევნებს ჩაატარებს, თუ დაიწერს იმ ციფრებს, რასაც ხალხი მისცემს. მაგრამ თუ ,,ოცნება" დაიწერს 43%-ზე მეტს, ან 43%-ის მიღების შემთხვევაში არ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, ჩემს თავს ვხედავ პირველ რიგებში იმ ადამიანებთან ერთად, ვინც იბრძოლებს რეფერენდუმის გზით ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.