ოპოზიცია EU-ს პრესსპიკერის გზავნილს აფასებს
თუ “ქართული ოცნება“ დათმობებზე არ წავა და არ დათმობს პრორუსულ პოლიტიკას, კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიძლება მოხვდეს სანქციების ქვეშ- ასე აფასებს ოპოზიცია EU-ს პრესსპიკერის პასუხს, რომელიც გამოცემა Euroscope-მა გამოაქვეყნა.
"ქართული ოცნების" ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში ოლიგარქის მსახურებს კიდევ დაასანქცირებენ.
მათი თქმით, ერთადერთი გამოსავალი დიალოგის დაწყება და ივანიშვილის პარტიის მხრიდან უკან დახევა იქნება, რათა საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნები შესრულდეს.
პოლიტიკური გადატვირთვა, რაც იგულისხმება, გასაგები იყო, ეს იყო შინაარსიანი დიალოგის დაწყება, ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ანუ, ფაქტობრივად, ეს არის მინიშნება იმაზე, რომ უნდა დაიწყოს მზადება ახალი არჩევნებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ რაც მოვისმინეთ, არის ის , რომ საქართველო არა მხოლოდ ვერ შეიძენს რაიმე ახალ იმპულსებს ევროკავშირთან ურთიერთობებში, არამედ დაკარგავს იმასაც, რაც დღემდე აქვს მოპოვებული,- ამბობს სალომე სამადაშვილი.
რეჟიმის შეცვლას მიიჩნევს ერთადერთ გამოსავლად “რეფორმატორების“ ლდიერი, თამარ ჩერგოლეიშვილი და ამბობს, რომ თუ ეს არ მოხდება, “ქართველები დაკარგავენ ასოცირების შეთანხმებას და უვიზო რეჟიმს“.
თუ არ შეიცვალა რეჟიმი, დემოკრატიული ხელისუფლებით, თავისუფალი არჩევნების გზით, საქართველოს გზა, თავისი ისტორიული მისიის შესრულებისკენ, იქნება ეს ევროკავშირში თუ ნატოში გაწევრიანება, ვერ შესრულდება. ქართველების ცხოვრება გახდება ბევრად უარესი, ქართველები დაკარგავენ ასოცირების შეთანხმებას და უვიზოს. თუ რეჟიმი შევცვალეთ, ყველაფერი იქნება გაცილებით უკეთესად,- აცხადებს თამარა ჩერგოლეიშვილი.
კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კი დარწმუნებულია, რომ “ევროკავშირი აბსოლუტურად სოლიდარულია ქართველი ხალხის პროტესტის მოთხოვნების“.
ევროკავშირი აბსოლუტურად სოლიდარულია ჩვენი პროტესტის მოთხოვნების. ვინმეს თუ აქვს განცდა, იმიტომ რომ „ოცნება“ ცდილობს საქართველოს იზოლაციას, ჩვენი პარტნიორები ამას იზამენ, ძალიან ცდებიან. იზოლაცია მოხდება “ქართული ოცნების“, სანქცირება მოხდება ასევე მათი და ვიდრე ხალხი იბრძვის, ჩვენ გვექნება მათი სრული მხარდაჭერა“- განაცხადა ხოშტარიამ.
Euroscope-მა ევროკომისიის პრესსამსახურის გზავნილი გამოაქვეყნა, სადაც პირდაპირი მოწოდებაა საქართველოს ხელისფლებისადმი, “აქტიურად ეძებოს მიმდინარე კრიზისიდან გამოსავალი, აღადგინოს ნდობა და დიალოგი, რომელიც დაფუძნებული იქნება ნდობის განმტკიცების კონკრეტულ ნაბიჯებზე“
წინააღმდეგ შემთხვევაში, EU მზად არის შემდგომი ნაბიჯების გადადგმისთვის, პასუხისმგებლობა დაეკისროს ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებს.