„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ისევ ირაკლი კობახიძე იქნება

07.05.25 14:07
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ისევ ირაკლი კობახიძე იქნება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ, ირაკლი კობახიძე აირჩიეს. 

სასტუმნრო "პარაგრაფში" მიმდინარე ყრილობას ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. 

კობახიძემ საკუთარ სიტყვაში თქვა, რომ მისთვის ეროვნული მიზანი "გზასაცდენილი თანამოქალაქეების" დაბრუნებაა. ამ ჩამონათვალში ბოლოშია მოქცეული საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება: 

მთელი 13 წლის განმავლობაში, ჩვენ გვიწევდა და გვიწევს უკომპრომისო ბრძოლა: საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობისთვის...

ეს არის ურთულესი ბრძოლა, სადაც სიმტკიცის შენარჩუნების ძალას გაძლევს რწმენა, რომ ნებისმიერი სისუსტის გამოვლენა შენს ქვეყანას განადგურებად შეიძლება დაუჯდეს და შესაბამისად, ნებისმიერი უკან დახევა არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე.

 ჩვენ გვაქვს მკაფიო სახელმწიფოებრივი ამოცანები. ეს არის: დემოკრატიული სისტემისა და სამართლის უზენაესობის კიდევ უფრო განმტკიცება, საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, ქართული ეკონომიკის განვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. სახელმწიფოებრივ ამოცანებთან ერთად, ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული მიზანი - ორი ეროვნული, ქართული ოცნება: ჩვენი მიზანია კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ქართულ ოჯახში. ამიტომ, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომელმაც გასული 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგების შესაძლებლობა მოგვცა; ჩვენი ეროვნული მიზანია საქართველოს გამთლიანება. გამთლიანებაში, ერთი მხრივ, ვგულისხმობთ ქართული საზოგადოების გაერთიანებას. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ ქართველებს გარედან თავს მოგვახვიონ ერთმანეთის სიძულვილი, როგორ ცდილობენ დათესონ სიძულვილი ყველაფერი ქართულის - მათ შორის ქართული სახელმწიფოს და ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ. ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავიბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას. ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა", - თქვა ირაკლი კობახიძემ და მადლობა ივანიშვილს არაერთხელ გადაუხადა. 

პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. 

მსგავსი სიახლეები