კობახიძემ ღარიბაშვილს "მადლობა", ხოლო ივანიშვილს "უდიდესი მადლობა" გადაუხადა

07.05.25 14:36
კობახიძემ ღარიბაშვილს "მადლობა", ხოლო ივანიშვილს "უდიდესი მადლობა" გადაუხადა

"ქართული ოცნების" თაბმჯდომარედ ხელმეორედ არჩეულმა ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილს "მადლობა", ხოლო ბიძინა ივანიშვილს "უდიდესი მადლობა" გადაუხადა. 

კობახიძემ მისი წინამორბედი ორჯერ, ხოლო ოლიგაქრი არაერთხელ ახსენა. 

"მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში თავმჯდომარეობდა პარტიას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გასულ წელს ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ დამსახურებისთვის რომელიც ქვეყნისა და პოლიტიკური გუნდის წინაშე უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე მრავალწლიანი მოღვაწეობისას მიუძღვის. 

ქალბატონებო და ბატონებო, ახლახან შესრულდა 13 წელი „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქართველი ხალხის ღირსების დაცვისთვის უთანასწორო, მაგრამ მართალი და წარმატებული ბრძოლის 13 წელიწადი. ამ ბრძოლას საფუძველი ჩაუყარა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მე თავს უფლებას მივცემ, თითოეული თქვენგანის სახელით, მას გადავუხდი უდიდეს მადლობას ქართული საქმის კეთებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა:სამშობლოსთვის თავდადებისთვის, უდიდესი სიბრძნით, შორსმჭვრეტელობითა და მოთმინებით ქართული საქმის კეთებისთვის, საქართველოში ავტორიტარიზმის დასრულებისა და ქვეყანაში დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების განმტკიცებისთვის. ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ყავს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ჩვენს ქვეყანას ომი არ ჰქონია და ჩვენ გვქონდა უწყვეტი 13-წლიანი მშვიდობა"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" რიგით IX ყრილობა დაწყებიდან 18 წუთში დასრულდა - სასტუმრო "პარაგრაფში", სადაც პარტიის თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრები აირჩიეს, ბიძინა ივანიშვილიც იმყოფებოდა, თუმცა მას ღონისძიების დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია. 

ოლიგარქს არც დელეგატებისთვის მიუმართავს. 

 

მსგავსი სიახლეები