სუსი გამაფრთხილებელი განცხადების გამო საქართველოში აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს

07.05.25 20:35
სუსი გამაფრთხილებელი განცხადების გამო საქართველოში აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს

სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის არსებობის საფრთხის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სახელმწიფო უაფრთხოების სამსახური სპეციალური განცხადებით ეხმაურება და დიპლომატიურ უწყებას აკრიტიკებს. 

სუს-ი აშშ-ის საელჩოს თბილისში შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებაში ადანაშაულებს. 

რაც შეეხება ფაქტს, უწყება აღნიშნავს, რომ  „მუშაობენ ცრუ შეტყობინების ფაქტზე“.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე. 

მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ახორციელებს.

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან." - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ 7 მაისს გაავრცელა განცხადება, სადაც დიპლომატიური უწყება წერდა, რომ მიიღეს შეტყობინება თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში სავარაუდო ბომბის არსებობის შესახებ:

  • „ისთ ფოინთი“ – ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა;
  • „გალერია თბილისი“ – რუსთაველის 2/4;
  • თბილისის სავაჭრო სივრცე (იგულისხმება „თბილისი მოლი“) – დავით აღმაშენებლის 16.

"პირველების" გადამღები ჯგუფები სავაჭრო ცენტრებში იმყოფებიოდნენ, თუმცა ამ დროის მონაცემებით, არცერთ მათგანში ევაკუაცია არ არის გამოცხადებული.

მსგავსი სიახლეები