„ცრუ მოწმე ხარ“ - ხმაური მზია ამაღლობელის საქმეზე, სადაც ირაკლი დგებუაძე იკითხება

08.05.25 14:09
„ცრუ მოწმე ხარ“ - ხმაური მზია ამაღლობელის საქმეზე, სადაც ირაკლი დგებუაძე იკითხება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - ამ წუთებში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე შეძახილების ფონზე იკითხება. 

დაკავებული ჟურნალისტის ახლობლები, ამბობენ, რომ "დგებუაძემ დაკავებულ ქალ ჟურნალისტს განყოფილებაში სახეში შეაფურთხა, შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა". 

მოქალაქეები სკანდირებენ: „არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა“, „დგებუაძე, ცრუ მოწმე ხარ“ "თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“. 

მაშინ როცა პოლიციის ხელმძღვანელი იკითხებოდა, დარბაზში მყოფმა  მსახიობმა მალხაზ ირემაძემ მზია ამაღლობელს მიმართა, უთხრა რომ "მაგარი გოგოა და საქართველო მასთან არის", საბოლოოდ, მსახიობი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დარბაზიდან გააძევა. 

ირაკლი დგებუაძემ კი ირემაძის მისამართით გამოიყენა სავარაუდოდ სიტყვა: "ჯამბაზი". 

რაც შეეხება აჭარის პოლიციის შეფის ჩვენებას, ირაკლი დგებუაძე ირწმუნებოდა, რომ მზია ამაღლობელის დაკავებამდე, მისი პროფესიის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა. 

„ხშირად ვადევნებ თვალს მედიაში გაჟღერებულ ფრაზებს, ტექსტებს, თითქოს, ქალბატონ მზიას მიმართ რაიმე სახის აგრესია მქონდა ან პიროვნული, ან შემდგომ როგორც გავიგე ჟურნალისტურ საქმიანობაში ყოფილა ჩართული. ამ ქალაქში მოღვაწე ყველა ჟურნალისტთან აბსოლუტურად მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ზოგადად, ამ პროფესიის მიმართ მაქვს პატივისცემა და მეგობრობა არამხოლოდ ბათუმში, არამედ ყველგან. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მზია ამაღლობელის დაკავებამდე წარმოდგენა არ მქონდა ამ ადამიანის პროფესიის შესახებ. თუმცა, მისი ქმედების დროს რომ მცოდნოდა ჟურნალისტი იყო, ალბათ ჩემი კოლეგები იგივე შედეგს დააყენებდნენ, როგორც მოიქცნენ. არ მგონია, რომ ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტყას და ა.შ.

მზია ამაღლობელის როგორც პიროვნულად და არც მისი პროფესიის მიმართ არანაირი უარყოფითი განცდები არც ირაკლი დგებუაძეს და არცერთ იქ მყოფ პოლიციელს არ ჰქონია, არც მანამდე და არც იმ მომენტში, როცა მან ეს ქმედება ჩაიდინა“,- განაცხადა ირაკლი დგებუაძემ.

  • ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელის საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი  -  ირაკლი დგებუაძემ გამოძიებას უთხრა, რომ სილის გაწვნის შემდეგ ტკივილი განიცადა.
  • დგებუაძე ამტკიცებს, რომ სილის გაწვნის შედეგად ტკივილი განიცადა და ყური და ლოყა გაუწითლდა. 

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დაცვის მხარე, საერტაშორისო ორგანოზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქმის მასალებს იცნობს, ამბობს, რომ დამოუკიდებელი გამოცემების ხელმძღვანელი პოლიტიკური მოტივით ჰყავთ გამოკეტილი ციხეში. 

მსგავსი სიახლეები