პროფესიული ეჭვიანობა თუ პირადი ანგარიშსწორება? - რას ვერ იყოფენ ჭიდაობის ფედერაციაში

08.05.25 20:05
პროფესიული ეჭვიანობა თუ პირადი ანგარიშსწორება? - რას ვერ იყოფენ ჭიდაობის ფედერაციაში

მოპოვებულია კადრები, რომელიც თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელზე თავდასხმას ასახავს - ვიდეო 2024 წელს, სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, თუმცა მისი გასაჯაროება მხოლოდ ახლა გადაწყდა. თავდასხმის დროს გიორგი იანტბელიძე ჯერ კიდევ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო. კადრებში ჩანს, რომ მას ჩასაფრებას უწყობენ და ჯგუფურად თავს ესხმიან.

გიორგი იანტბელიძე თავდასხმის ფაქტს გვიდასტურებს -  თავდასხმის შემკვეთად კი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე სახელდება. ერთი ვერსიით, გეგეშიძე იანტბელიძეში მეტოქეს ხედავს და შიშობს რომ ფედერაციას "ქართული ოცნება" სწორედ მას ჩააბარებს.

სკანდალური დაპირისპირება "ქართულ ოცნების" ორ კლანს შორის ღია ომს ასახავს, ორივე დაჯგუფება რეჟიმის მხარდამჭერია და მათი სახელები ღია წყაროებში ორგანიზებულ თავდასხმებს უკავშირდება.

  • იანტბელიძე ამ კავშირებს არ მალავს - ის კორცხელის ძალადობრივ ეპიზოდშიც მონაწილეობდა, არ ერიდება "ოცნების" წევრებთან ერთად გამოჩენას.  ასე იყო გასულ წელს დეკემბერშიც, როცა ნაძვის ხის ანთების დღეს მამუკა მდინარაძის გვერდით იდგა.
  • "ოცნებასთან" ახლო კავშირების გამო ხომ არ ცდილობს იანტბელიძის ჩამოშორებას, გეგეშიძე არ გვაპუხობს.

გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი სახელი არაერთ გახმაურებულ საქმეს და ანგარიშსწორებას უკავშირდება.

  • 2019 წლის 11 იანვარს გეგეშიძემ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს სახეში მუშტი ჩაარტყა.
  • კიდევ ერთი საქმე, რომელსაც გეგა გეგეშიძეს უკავშირებენ, 2016 წელს კორცხელში ოპოზიციაზე თავდასხმაა. ინციდენტში მისი ძმა, მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძე მონაწილეობდა.

გეგეშიძე იანტბელიძეზე თავდასხმას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ თუ ცემა უნდოდა, არავის მიუგზავნიდა, ამას თავად იზამდა.

ჯგუფურ ანგარიშსწორებაზე გამოძიება 2024 წელს არ დაწყებულა, ახლა როცა კადრები გასაჯაროვდა და ჩანს თავდასხმის ადგილიც, მონაწილე პირებიც,  უწყებას არ უნდა გაუჭირდეს იდენტიფიცირება თავდამსხმელების და გამოძიებაც უნდა დაიწყოს.

დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში - ნინო ღვედაშვილი დეტალებით