სუსი VS ამერიკის საელჩო - როგორ აქცია "ოცნებამ" მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხი პოლიტიკური კინკლაობის საგნად?
ოხანაშვილის დაწყებული საქმე დღეს პაპუაშვილმა გააგრძელა და ამერიკის საელჩო დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა. ეს ყველაფერი იმის გამო, რომ გუშინ შტატების დიპლომატიურმა სამსახურმა მოქალაქეებს სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის საფრთხის შესახებ ამცნო. გაფრთხილება "ოცნებამ" წინდახედულად არ მიიჩნია და რეაგირების ნაცვლად, საელჩოს უსაყვედურა.
- დიპლომატიური სამსახური თავის თანამშრომლებს აფრთხილებდა, რომ თბილისის ამ სავაჭრო ცენტრებში არსებობდა აფეთქების საფრთხე და ურჩევდა, რომ გადაადგილებისგან თავი შეეკავებინათ.
ასეთ განცხადებას საელჩო იშვიათად აქვეყნებს, თუმცა ამის მიუხედავად, ევაკუაცია არსად გამოცხადებულა. განცხადებიდან რამდენიმე წუთში სუს-მა თქვა, რომ ისიც ამოწმებს, თუმცა შეტყობინება წინასწარვე სიცრუედ გამოაცხადა.
ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა გააჩინა კითხვა - რა მოხდა რეალურად და რატომ იქცა გაფრთხილება პოლიტიკური გარჩევის საგნად. ევაკუაციის ნაცვლად შეტევამ საელჩოზე პროცესს თავიდანვე პოლიტიკური ელფერი შესძინა.
ექსპერტები ამბობენ, რომ პროტოკოლი ამერიკის საელჩოს ავალდებულებს საფრთხის შემთხვევაში მასპინძელი ქვეყნის შესაბამისი უწყების ინფორმირებას და დარწმუნებულიც არიან ეს ასეც მოხდებოდა. არსებობს რამდენიმე ვერსია: სუს-მა იცოდა და რეაგირება დააგვიანა, ან იცოდა და მის გასაჯაროებაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ, ან უფრო მეტიც, არ იცოდა, რადგან სანდო კომუნიკაცია მათ შორის აღარ არსებობს.