სინდისის პატიმრების პროცესი - როგორ იქცა ბრალდების "ოქროს მოწმე" დაცვის მოწმედ?
საქართველოს პროკურატურას სინდისის 11 პატიმრის საქმე პრაქტიკულად ჩამოეშალა. სასამართლოში დღეს ბრალდების ოქროს მოწმე, დეტექტივი გიორგი ზაბახიძე მოიყვანეს. ის ძალოვანი უწყების მტკიცებით, პროევროპულ აქციებზე 28 ნოემბერს დაშავდა და მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა, თუმცა მოწმემ ხელი ვერცერთ ბრალდებულს ვერ დაადო.
გიორგი ზაბახიძემ სასამართლო სხდომაზე ვერ დაასახელა, სინდისის პატიმრებიდან რომელიმემ მიაყენა თუ არა ზიანი. მეტიც, ის არ გამორიცხავს, რომ მას ზიანი შესაძლოა, საერთოდ სხვამ მიაყენა, მაგალითად "ტიტუშკამ "ან რეჟიმის პროვოკატორმა. მოწმემ სასამართლოს დაუდასტურა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია, ორგანიზებულ ძალადობაზე.
სასამართლოს დღეს მოწმემ უთხრა, რომ აქციაზე მხოლოდ 28 ნოემბერს იმყოფებოდა. სინდისის არც ერთი პატიმარი ვის საქმეზეც პროცესზე მიიყვანე არ არის დაკავებული 28 ნოემბრის საქმეზე. ამიტომ ადვოკატებმა კითხეს, აქვს თუ არა რომელიმე ბრალდებულთან პრეტენზია.
ეს ის მოწმეა, რომელმაც სხვა სინდისის პატიმრების საქმეზე ჩვენება სასამართლოში გუშინაც მისცა. ბრალდების მხარეს ის პროცესიდან პროცესზე დაჰყავს. თან მის უსაფრთხოებაზეც განსაკუთრებით ზრუნავენ. ზაბახიძემ სასამართლოს შენობა პოლიციელების მთელი ჯგუფის თანხლებით დატოვა. გამომძიებელს ჯერ ქურთუკი გამოუცვალეს, შემდეგ კი ცდილობდნენ ის სასამართლო შენობიდან გაეპარებინათ.