MEGOBARI აქტი სენატშია - როგორ პასუხობს ოლიგარქის გუნდი დაანონსებულ სანქციებს
ივანიშვილის რეჟიმი იმედგაცრუებულია - MEGOBARI ACT- ის დამტკიცების შემდეგ, "ოცნებამ" ამერიკელი პარტნიორების ლანძღვა განსაკუთრებით გააძლიერა. შტატების კრიტიკა დღეს საკუთარ თავზე შალვა პაპუაშვილმა აიღოო და ამერიკასთან 2009 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა "ცარიელ ფურცლად" მომიხსენია.
რას ნიშნავს ეს? - აქამდე, ოლიგარქის გუნდს არასდროს უცდია, სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან დაეგმო, ახლა რიტორიკა მკვეთრად შეიცვალა.
MEGOBARI ACT-ი წარმომადგენლობითი პალატიდან ორ დღეში უკვე სენატში შევიდა. კონგრესის ქვედა პალატის მიერ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, განსახილველად ის უკვე ზედა პალატას გადაეგზავნა. "ქართული ოცნება" ვეღარ ამბობს, რომ ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენის რესურსი რჩება. დიპლომატები , რომლებსაც წლებია, დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვთ, ამბობენ, რომ ეს უკვე დასასრულია. მეგობარი აქტის დამტკიცება ოცნებისთვის არის სიგნალი, რომ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დიპლომატიურ ჩარჩოებს დიდი ხანია გასცდა.
რეჟიმის მამხილებელი დოკუმენტი დაჩქარებულად გადის ყველა საფეხურს. სახელმწიფოს მიმტაცებლების სია უკვე აქვთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სანქციების ამოქმედება მხოლოდ დროის საკითხია.