"ოცნების" მტკიცებით, ენმ საარჩევნო უბნების ჩაშლას და ინვენტარის მოპარვას გეგმავს

30.09.21 14:03
"ოცნების" მტკიცებით, ენმ  საარჩევნო უბნების ჩაშლას და ინვენტარის მოპარვას გეგმავს

საგანგებო ბრიფინგი "ქართულ ოცნებაში" - მმართველი პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 2 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებთან პროოკაციის მოწყობის სურვილში ადანაშაულებს. 

მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ენმ საარჩევნო ადმინისტრაციაში ჭარბი საჩივრების შეტანას გეგმავს. 

მისივე მტკიცებით, ცალკეულ უბნებზე ინვენტარისა და დოკუმენტაციის მოპარვა იგეგმება. 

მდინარაძე ირწმუნება, რომ ბათუმის მერობის კანდიდატმა ოპოზიციიდან არჩევნების დღეს 20-ზე მეტი საარჩევნო უბნის ჩაშლის დირექტივა მისცა. 

დესტრუქციული გეგმების შესახებ ენმ-ს ოფისებიდან მრავალი გამოჟონილი ინფორმაცია შემოდის. ყურადღებას გავამახვილებთ მოსალოდნელ დესტრუქციულ გეგმებზე. 

2020 წლის არჩევნების ანალოგიურად ამ შემთხვევაშიც გეგმავენ ადმინისტრაციაში ჭარბი რაოდენობის საჩივრების შეტანა, აღნიშნულის მიზანია ხელოვნურად გაიზარდოს საჩივრების სტატისტიკა და კომისიების საქმიანობას შეექმნას დაბრკოლება. 

საჩივრების ელექტრონული პლატფორმის შემოღებასთან ერთად საჩივრების შეტანა არსებითად გამარტივდა. 

ცალკეულ უბნებზე იგეგმება, საარჩევნო ინვენტარის და დოკუმენტაციის მოპარვა. ისევე, როგორც ყველა წინა არჩევნებზე ბიულეტენების გამოტანის გზით გეგმავენ დისბალანსის გამოწვევას. 

ასევე, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დანიშნული კომისიის წევრებს მასობრივად აძლევენ დავალებას ხელი არ მოაწერონ საარჩევნო უბნების ოქმებს. 

გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის უფროსების მიერ გაიცემა საარჩევნო უბნების ჩაშლის დავალებები. მაგალითად, გვაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ პირადად ჩაატარა შეხვედრა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიის წევრებთან და დაავალა 20-ზე მეტი საარჩევნო უბნის ჩაშლა (აღნიშნული საარჩევნო უბნების ნომრებია: 32, 34, 36, 38, 40, 42, 11, 15, 17, 19, 23, 21, 61, 62, 64, 71, 72, 20, 28, 27, 102 და 103). ყველას შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბნის ხელოვნურად ჩაშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამგვარი ქმედებებისთვის ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს.

ბუნებრივია, არჩევნების დღის მთავარ გამოწვევად რჩება პროვოკაციები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. იგეგმება საარჩევნო კომისიის წევრების, წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირების მიზნით. ამგვარი პროვოკაციების პილოტირება გასულ დღეებში უკვე განახორციელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზვიად კუპრავას შესრულებით. ვაფრთხილებთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ ამგვარი ქმედებები არ დარჩება დაუსჯელი და ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს.

„ქართული ოცნება“ სრულად იაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც მას თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ეკისრება. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ამომრჩეველს თავისუფალ და მშვიდ გარემოში ხმის მიცემის საშუალება მიეცეს. 2 ოქტომბერს ყველას მოგიწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები