ევროპის დღე ევროპაში საქართველოს გარეშე - "ოცნება" ვარშავაში დაგეგმილ შეკრებაზე არ მიიწვიეს

09.05.25 11:13
ევროპის დღე ევროპაში საქართველოს გარეშე - "ოცნება" ვარშავაში დაგეგმილ შეკრებაზე არ მიიწვიეს

ევროპის დღე ევროპაში საქართველოს გარეშე - ვარშავაში, სადაც ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეკრება გაიმართა, "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი არ დაუპატიჟებიათ. არადა, შეკრებაზე ალიანსის წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენელი მიიწვიეს. დაპატიჟეს უკრაინა, მოლდოვა და თურქეთიც.

ევროპის დღეს პოლონეთში ევროკავშირის ლიდერები კანდიდატი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად აღნიშნავენ, თუმცა მაკა ბოჭორიშვილი სტუმრების სიაში ვერ მოხვდა. ამბავი ევროპელმა ლიდერებმა გაასაჯაროეს.

ევროკომისარი მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეუძლებელია ევროპის დღის აღნიშვნა იმ ქვეყნების წარმომადგენლების გარეშე, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. 

ის, რომ ევროკავშირმა ვარშავაში არ მიიწვია, თავად ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრიც ადასტურებს. მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ლიდერები ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა და თქვა, რომ შეკრების მონაწილე საქართველოც უნდა ყოფილიყო.

პოლონეთს ჰკითხეთ. ის პასუხი მაქვს, რომ ორმაგი სტანდარტი ხდება ყველგან. საქართველოში არ არის არავისზე ნაკლები დემოკრატია, არანაირი დემოკრატიული უკუსვლა. მთელ ევროპაშ ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს, რა ვქნათ? ეშველება ყველაფერს. ის არის ორმაგი სტანდარტი, რაც არის დასაშვები საფრანგეთში, რაც არის დასაშვები გერმანიაში, საქართველოში რომ შფოთდებიან ამ ყველაფერზე. ქართველი ხალხის არჩევანი არის ეს ხელისუფლება და ეცით პატივი ამ არჩევანს, - თქვა ბოჭორიშვილმა "პირველების" კითხვების საპასუხოდ. 

ჯერჯერობით უცნობია, მივა თუ არა თითგამოცხადებული ხელისუფლება ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც ექსპო ჯორჯიაში გაიმართება.