"ოცნებას" ეშინია, არჩევნებს ივანიშვილის გარეშე და შეცდომებით ხვდება - ეკა ბესელია
პარტია ,,სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელია, თქმით, 2 ოქტომბერს იქნება პირველი არჩევნები, როცა ,,ქართული ოცნება" ივანიშვილის საჯარო მხარდაჭერის გარეშე და ხელის გულზე დადებული უამრავი შეცდომით ხვდება.
ეს არის პირველი არჩევნები, როცა ,,ქართული ოცნება" პირველად ხვდება ამომრჩეველს ივანიშვილის ღია, საჯაროდ გვერდით ყოფნის გარეშე. რადგან 2020-ის არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, რომ წავიდა. ეს არის ფორმალიზებული, თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ,,ოცნება'"მარტო შერჩა საკუთარ შეცდომებს, სისულელეს და ძალიან ბევრ ზიანის მომტან ქმედებას.
ახლა ვხედავთ, რომ ამომრჩეველთან შესახვედრად მიდის ვინ? მდინარაძე, კობახიძე, მათიკაშვილი, ეს ის ხალხია, რომ გადავხედოთ 2012 წლის ისტორიას, მე არც ერთი არ მახსოვს. ესენი არ არიან ,,ქართული ოცნების" შემადგენელი, ორგანული ნაწილი. ეს ის ხალხია, გამარჯვებულ გემზე რომ კარგად პოულობენ საკუთარ ადგილს.
ასე რომ, მათ რაც ჭირთ, არის ის, რომ ძალიან ეშინიათ ასეთ ვითარებაში, როცა ხელის გულზე დევს მათი ყველა შეცდომა - განაცხადა ეკა ბესელიამ ტვ პირველზე, გადაცემა ,,დღის ამბებში" სტუმრობისას.