ეს პროტესტი აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე-მამუკა ხაზარაძე
ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია, რადგან ჩვენ ქვეყანას სჭირდება მძლავრი პარტნიორები და ოჯახი, რომელშიც ჩვენ სუვერენიტეტს, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას დავიცავთ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხად, რომელიც მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას შეუერთდა.
ხაზარაძემ პუტინზე და რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა და უკრაინაში მათი ქმედება 21-ე საუკუნის ფაშიზმად მოიხსენია.
“პუტინის ხელისუფლება დამთავრდება, უკრაინა გაიმარჯვებს და საქართველოც გაიმარჯვებს“-აღნიშნა მან.
რეალურად ახალი სურათი იკვეთება ფაშიზმის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში, ბავშვების მოტაცებით, მათი მკვლელობით, ოჯახების განდგურებით, ეს არის 21 -ე საუკუნის ფაშიზმი, რომელიც დამთავრდება ძალიან მალე. პუტინის ხელისუფლება დამთავრდება, უკრაინა გაიმარჯვებს და საქართველოც გაიმარჯვებს და დადგება ის მომენტი, როდესაც ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება,- განაცხადა ხაზარაძემ.
ოპოზიციონერმა ლიდერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც 160 დღეზე მეტია, ქუჩაშია და ასე გამოხატავს საკუთარ პროტესტს.
ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია, რადგან ჩვენ ქვეყანას სჭირდება მძლავრი პარტნიორები და ოჯახი, რომელშიც ჩვენ სუვერენიტეტს, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას დავიცავთ. მეორე არჩევანი არის რუსეთი, რომელიც ჩვენ ქვეყანას იპყრობს და ერთი სული აქვს თავისი იმპერიული ზრახვებით, კიდევ ერთხელ გადაყლაპოს საქართველო, რისი უფლება და საშუალებაც არ უნდა მივცეთ. სწორედ ასეთი პროტესტებით და ერთსულოვნებით, ჩვენ გვაქვს შანსი, წინ აღვუდგეთ მცოცავ ეკუპაციას და იმპერიალიზმს.
მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა იმ პროტესტისთვის, რომელიც 160 დღეზე მეტია მიმდინარეობს და ეს პროტესტი აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაა, დააპირისპიროს ადამიანები, ერი გაყოს შუაზე, რასაც სამწუხაროდ მიაღწია, თავისი პროპაგანდისტული არხებით, ჩვენი ამოცანაა, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე, რადგან გახლეჩილი ერი წარმატებას ვერ მიაღწევს, ვერც პოლიტიკაში, ვერც ეკონომიკაში და ვერც განათლებაში,-განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, მამუკა ხაზარაძემ სინდისის პატიმრებს მიმართა და მადლობა გადაუხადა ვაჟკაცობისთვის.
ეს კოშმარი დასრულდება და ჩვენ ერთად დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას. მადლობა ბიჭებო, მაგრად იყავით, თქვენი ჩვენი მხრიდან მიტოვებულები არ ხართ და მინდა, მალე ვიზეიმო თქვენი და საქართველოს გათავისუფლება ერთად,-დასძინა მან.